რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ს პასუხს გასცემს გაეროს სამდივნოს რუსი თანამშრომლის გაძევებისთვის. ზახაროვას კომენტარი სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
ცნობაში ნათქვამია, რომ აშშ აძევებს რუსეთის უკანასკნელ ოფიცერს, რომელიც ოფიციალურად იყო რეკომენდებული სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის სამხედრო საკითხების მართვისთვის. აშშ-ის ვიზებს არ აძლევენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სხვა კანდიდატებსაც.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს ხდება „აშკარა თანხმობის პირობებში როგორც თავად გაეროს გენერალური მდივნის, ისე გაეროს სამდივნოს მხრიდან, რომლებიც მორჩილად თამაშობენ სტატისტების როლს.“
ზახაროვას თქმით, რუსეთი ორმაგ პასუხს გასცემს ამ ქმედებას. პასუხი შეიძლება შეეხოს მოსკოვში ამერიკის დიპლომატების კვოტას.
„შეიძლება საქმე შეეხოს ასევე აშშ-ის დიპლომატების გაძევებას, თუმცა არ გვინდოდა, რომ კვლავ მიგვემართა ამ ზომისთვის,“ თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რუსეთი ასევე უპასუხებსგაეროს მუდმივი წარმომადგენლობიდან რუსეთის 12 დიპლომატის აშშ-დან გაძევებას.
რადიო თავისუფლება