უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა 5 ან 6 მარტს ჩატარდეს – ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გააკეთა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები ბელარუსში მიმდინარეობს, რადგან რუსული მხარე სხვა შუამავალ ქვეყანაზე უარს ამბობს, თუმცა სამომავლოდ პოდოლიაკმა არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებები სხვა ქვეყანაში გაგრძელდეს.
“ჩვენ საერთოდ არ ვენდობით რუსეთის ფედერაციას, ამიტომ გვსურს გვყავდეს პასუხისმგებელი საერთაშორისო შუამავალი. ჩვენ მივყვებით სამართლებრივ პროცედურას და დავაფიქსირებთ ნებისმიერ დარღვევას”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მეორე რაუნდი გუშინ, 3 მარტს გაიმართა, თუმცა ძირითად შედეგებს ვერ მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზაციისთვის, თუმცა რუსეთი არც ამ შეთანხმებას ასრულებს. ირკვევა, რომ ხერსონში, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ, ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ.