„რესპუბლიკური პარტია“ მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს დღეს არ მიმართავს

„რესპუბლიკური პარტია“ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტია პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავს.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს ორი მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა.

ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.

ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოზიციაზე და ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის, ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც“, – აცხადებენ „რესპუბლიკელები“.

ცნობისთვის, დღეს, 11 დეკემბერს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share