ფლანგვის დეტექტორი: საახალწლო სამზადისისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 614 963 ლარი იხარჯება

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მიმდინარე მონაცემებით, საახალწლო სამზადისისათვის ქვეყნის მასშტაბით 1,614,963 ლარი იხარჯება.

ორგანიზაციის ცნობით, ხარჯების სიდიდით გასული წლების მსგავსად თბილისის მერია ლიდერობს, რომელიც საახალწლო განათებაში 615,640 ლარს ხარჯავს.

“მეორე ადგილზე ბათუმის მერიაა, რომელიც საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებზე 500,393 ლარს ხარჯავს. ხოლო მესამე ადგილს ქუთაისის მერია იკავებს, რომელმაც 232,687 ლარის ღირებულების 4 ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის 15,865 ლარის დახარჯვას სადღესასწაულო ფეიერვერკებში აპირებს, ხოლო თანხის დანარჩენ ნაწილს განათებების შესაძენად და დასამონტაჟებლად დახარჯავს. შედარებით მოკრძალებულად ემზადება რუსთავის მერია, რომელმაც მხოლოდ 21,517 ლარის საახალწლო განათება შეიძინა.

ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ თანხების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვა, რადგან მცირე ბიუჯეტით უწევთ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებთან ბრძოლა. თუმცა, მიუხედავად ამისა რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობა საახალწლოდ უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე თვითმმართველი ქალაქი რუსთავი.

მაგალითად, გორის მერიამ 100,000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა საახალწლო მორთულობებისა და განათების შესასყიდად. მცხეთის მერიამ უკვე გააფორმა 85,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რათა საახალწლოდ უზრუნველყოს “ქუჩების და პარკების მორთვა-მოკაზმვა, მონტაჟი-დემონტაჟი”. 24,814 ლარს ხარჯავს ზესტაფონის მერია ნაძვის ხის სათამაშოებსა და განათებაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ წინა წლების გამოცდილების მიხედვით საახალწლო შესყიდვების უმეტესობა ძირითადად დეკემბრის თვეში ხორციელდება და უმეტესად გადაუდებელი აუცილებლობით. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ დედაქალაქსა და რეგიონებში კიდევ გამოცხადდება ტენდერი საახალწლო განათებებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ზემოთ აღნიშნულ 11 რეგიონსა და დედაქალაქში, სადაც საახალწლო მზადება უკვე დაიწყო, საერთო ჯამში ოქტომბრის თვის მონაცემებით 79,892 სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული, მათ შორის 17,313 ბავშვია.

“სოციალურად დაუცველთა ყოველთვიური დახმარება 60 ლარია. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, საახალწლო სამზადისში დახარჯული თანხით შესაძლებელი იქნებოდა 17,313 სოციალურად დაუცველი ბავშვისათვის დამატებით 90 ლარის გადაცემა.

საინტერესოა, რომ 2019 წელს თბილისის მერიამ 3,650,924 ლარი დახარჯა საშობაო ნაძვის ხის შეძენაში და თბილისის ქუჩების მორთვისთვის, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის რომ წელსაც იგივე საახალწლო განათებებით მორთულიყო თბილისის ქუჩები. შესაბამისად, ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური და ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე ნაკლებად იყო საჭიროება, რომ დამატებით 615,640 ლარის დახარჯული ქუჩების საახალწლო გირლიანდებსა და მილიონ ლარად ღირებული ნაძვის ხის გადაკეთებაში”, – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share