მინისტრი: რუსეთის მიერ 15 კომპანიის ბაზარზე დაშვება შესაძლებლობაა მეტი წარმოებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რუსეთის მიერი 15 ქართული კომპანიისთვის ბაზრის გახსნა მეტი წარმოების დასაგეგმად გაჩენილი შესაძლებლობაა.

რუსეთმა, დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების ფონზე, ქართულ კომპანიებს ბაზარზე შესვლის ნება დართო.

შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა – რუსული როსსელხოზნადზორის უფროსს საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი, ზურაბ ჩეკურიშვილი ესაუბრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, რუსეთს საქართველომ, ქართული კომპანიების მიმართვის საფუძველზე 2020 წელს მიმართა, ახლა კი მოლაპარაკებაზე ინიციატივა რუსეთმა გამოიჩინა.

“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ცხოველური წარმოების სურსათის ბაზარი. ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები”. – თქვა ოთარ შამუგიამ.

მისივე განცხადებით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინასთან, თუმცა, რუსეთთან გრძელდება სავაჭრო ურთიერთობები.

“ბატონი პრემიერის, ხელისუფლების ყველა შტოს მიერ გაცხადებულია, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ჩვენ მეგობარ ხალხს. ეს ცალსახაა და ეს ერთი საკითხია. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც რუსულ მხარესთან გვაქვს, ეს ურთიერთობები არსებობს ამ ეტაპზე და ჩვენ ვალდებული ვართ, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, მეწარმეების, ფერმერების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ამ საკითხს“. – თქვა მინისტრმა.

უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართავს, უარი თქვას რუსეთთან ვაჭრობაზე, ვინაიდან მოგება “უკრაინელებს სისხლით არის გაჟღენთილი”.

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა რადაში, დავით არახამიამ საქართველოს გადაწყვეტილებას რუსეთის ბაზარზე შესვლაზე “ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა” უწოდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share