„გამარჯობა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ეს ვალოდია ზელენსკია“ – მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველ კომუნიკაციას იხსენებს

„გამარჯობა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ეს ვალოდია ზელენსკია“ – მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველ კომუნიკაციას იხსენებს. ამის შესახებ მან რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა:

2019 წლის 19 მაისს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის მეორე დილით, ვარშავის სასტუმროში, მობილურზე უკრაინული ნომრიდან შემოსულმა ზარმა გამაღვიძა.

წინა ღამით, გვიანობამდე ვუყურებდი სხვადასხვა არხს და საერთოდ, ბოლო დღეებში, პოროშენკოს დამარცხების გამო, საუკეთესო ხასიათზე ვიყავი. მის დაღმასვლაში, 2016-2018 წლებში, მეც დიდი როლი ვითამაშე იმით, რომ უკრაინის ქალაქების ქუჩებში პოროშენკოსა და მისი კორუფციული რეჟიმის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი გამოვიყვანე.

თვალი სადღაც დილის 4 საათზე მოვხუჭე და ვარშავის დროით დილის 7 საათზე, კიევის კი – 8-ზე, ხაზზე იყო ნაცნობი ხმა – „გამარჯობა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ეს ვალოდია ზელენსკია“. უცებ გავიღვიძე მთელი ორგანიზმით და საბნიდან გამოვძვერი.

– „დიახ, ბატონო პრეზიდენტო“.

– „მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება თქვენთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენაა. ასე რომ, გელოდებით კიევში“, – მითხრა ზელენსკიმ.

მადლობის გადახდის შემდეგ მე მას ვუთხარი – „ვლადიმერ ალექსანდროვიჩ, დაიმახსოვრეთ, სულ მალე თქვენ არამარტო უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის ლიდერი გახდებით“.

-„ეჰ, ნეტავი უკრაინის პრობლემები გადამაწყვეტინა და რეგიონს ვინ ჩივის“ – იყო მისი პასუხი და დამემშვიდობა.

რამდენიმე დღის შემდეგ, მას კონფერენციაზე ჰკითხეს, რატომ დამიბრუნა მოქალაქეობა. „იმიტომ რომ ეს სწორი იყო“ – მოკლედ მოუჭრა მან, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share