ცუდი რამ ხდება, კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალის და სააკაშვილის პოზიციები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სააკაშვილისა და ოპოზიციის მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციაა.
“ჩვენს თვალწინ რა პროცესებიც ხდება არ ეხება მხოლოდ საქართველოს ეს ეხება მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალთა გადანაწილების მიმდინარე პროცესს, რასაც ჩვენი პარტნიორები კავკასიაში ცდილობენ. ცდილობენ საქართველოს იმ პლატფორმად შეინარჩუნონ, სადაც სტაბილურობაა და სადაც მათ ეგულებათ სტაბილური პარტნიორი. აქედან გამომდინარე, რეალურად ცუდი რამ ხდება, კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალის და სააკაშვილის პოზიციები. დესტაბილიზაციაა საქართველოში.
ვირტუალურად წარმოვიდგინოთ სასწორი, სადაც ერთ მხარეს არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არასახარბიელო მდგომარეობა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა არ შედის პარლამენტში. სასწორის მეორე მხარეს კი არის რეალურად ბიუჯეტის რეალიზაცია და სტრატეგიული ამოცანები, რათა სოციალური პაკეტი არ შემსუბუქდეს, სტრუქტურები არ ჩამოიშალოს და ნიჰილიზმი და ქაოსი არ გამეფდეს ქვეყანაში,”- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას.