ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში არ შევლენ, თუმცა სთხოვს, რომ ოპოზიციურ პარტიებს თავს ნუ ესხმიან.
მელია აცხადებს, რომ ევროპული საქართველო შეთანხმებას არ შლის, ამიტომ შეურაცხყოფაა, როდესაც ელისაშვილი პარტიებს მძევლებს უწოდებს.
ენმ–ს ლიდერი აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება არაცერთი სახელმწიფოს ლიდერმა არ მიულოცა, რაც ნიშნავს, რომ სიმართლე ოპოზიციის მხარესაა.
მისივე თქმით, თუ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ერთიანობაში დისონანსი შეაქვს, მას “გრეიდერივით უნდა გადაუარონ”.
“ნუ ველოდებით 2 დღეში ოლიგარქის ამოძირკვას, ამას სჭირდება ბრძოლა, გაკაჟება და ერთობისთვის გაფრთხილება. ყველა უნდა გავერთიანდეთ, პატრიოტთა ალიანსიდან დაწყებული ჩემით დამთავრებული და ვინც არის ბუზი მალამოში, ანუ აფუჭებს საქმეს, უნდა გადავუაროთ, პოლიტიკური გრეიდერივით უნდა გადავუაროთ, ვამხილოთ, რომ მეორეჯერ აღარ გაბედოს დისონანსის შემოტანა ოპოზიციურ ველზე”,– აცხადებს ნიკა მელია მთავარი არხის ეთერში.