ჩერნობილის ატომურ სადგურში რადიაციული გაჟონვის საფრთხე არსებობს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციული გაჟონვის საფრთხე არსებობს. კულება წერს, რომ სადგურში ელექტროენერგიის მიწოდების სისტემაა დაზიანებული, სარეზერვო გენერატორები კი მხოლოდ 48 საათი იმუშავებენ

“დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და მის ყველა ობიექტს ამარაგებს. ის რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული. CNPP-მა დაკარგა ყველა სახის ელექტრული მომარაგების სისტემა. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მოითხოვოს რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს მიეცეთ საშუალება, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დიზელის სარეზერვო გენერატორებს 48-საათიანი სიმძლავრე აქვთ. ამის შემდეგ დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობების გაგრილების სისტემა მუშაობას შეწყვეტს, რაც რადიაციულ გაჟონვას გარდაუვალს გახდის. პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხის ქვეშ აყენებს. მან ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს”. – წერს კულება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share