ომის დაწყებიდან დღემდე, სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფი 215 000 უკრაინელი დაბრუნდა

24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ამ დრომდე, 10 მარტამდე, სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფი 215 000 უკრაინელი დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

“დღეს მდგომარეობით, ომის დაწყების შემდეგ, უკვე 215 000 უკრაინელი ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში. მათგან უმეტესობა, 80%, მამაკაცია”. – ამბობს დემჩენკო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share