გირჩი ითხოვს, იარაღის ტარების უფლება დაუბრუნდეთ პირებს, ვისაც წარსულში ჰქონდათ. პარტიამ “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დღეს, 10 მარტს დაარეგისტრირა.
კანონპროექტი ითვალისწინებს იარაღის ტარების უფლების დაბრუნებას იმ პირებისთვის, ვისაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ერთხელ უკვე ჰქონდათ ასეთი უფლება, თუმცა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ დაკარგეს.
კანონპროექტის თანახმად, იარაღის ტარების უფლება უნდა მიენიჭოთ: ყოფილ პოლიციელებს, დაცვის სამსახურის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ასევე, ყოფილ მოსამართლეებს და პროკურორებს.
“ყველას გვესმის, რა საფრთხის წინაშე არის მთელი მსოფლიო ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ამ წუთას, საქართველოს მთავრობას, ჩვენთან რომ მოხდეს იგივე შემთხვევა, არ აქვს არც გაქცევის გეგმა, როგორ გავრბივართ, არც ბრძოლის გეგმა, როგორ ვიბრძვით.
ასეთ დროს, ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ადამიანებს, მინიმუმ, მივცეთ თავდაცვის საშუალება, რომ თვითონ როგორც წარმოუდგენიათ თავის დაცვა, ისე მოემზადონ და ამისკენ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები.
უკრაინის წარმატება თუ რამეში მდგომარეობს მდგომარეობს, იმაში, რომ მან გააჩინა რწმენა რუს ჯარისკაცებში, რომ ყველა უკრაინელი შეიარაღებულია და შეიძლება ყველა ჩემი მტერი იყოს”, – თქვა პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას განცხადებით, “მთავარი დასაყრდენი ძალა მტერთან ომის პერიოდში უნდა იყოს რეალურად ჩვეულებრივი ხალხი და არა ჩვენი სამხედრო შეიარაღება”.