მკვლელი უნდა დაისაჯოს, უნდა ვაღიაროთ უკრაინის ეკლესია – დეკანოზი მათეშვილი

თბილისის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან მათეშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიაროს.

იგი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ფედერაციის „იდეოლოგიურ დეპარტამენტს“ და „ბომბების მაკურთხეველს“ უწოდებს და წერს:

„მკვლელი უნდა დაისაჯოს. სახელმწიფოც და მისი იდეოლოგიური დეპარტამენტი – ბომბების მაკურთხეველი. ჩვენ უნდა მომავლისკენ გადავდგათ ნაბიჯი – ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია და შევწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი ქრისტიანობისგან დაცლილ ანტიქრისტეს ეკლესიასთან“.

მღვდელი ლევან მათეშვილი, რომელიც საბურთალოს სასაფლაოსთან მდებარე წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამღძვარია, 9 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში ასევე წერს:

„რუსული იმპერიალიზმი კლავს, – არა ზოგადად კლავს, არამედ უკრაინაში კლავს. მანამდე ყველგან კლავდა, სადაც მისწვდა. კლავს ფიზიკურად და სულიერად. იარაღით და ჯვრით, ორთავიანი არწივით და ეკლესიით. ქრისტიანობით შეზავებული გეოპოლიტიკური ინტერესებით კლავს და კლავს და ამით, საბოლოო ჯამში, საკუთარ სახელმიფოსაც კლავს და ქრისტიანობასაც მასში“

დეკანოზ მათეშვილს ასევე მიაჩნია, რომ „უკრაინაში ომის დაწყების გარეშეც საკმარისი მიზეზები იყო კავშირის გაწყვეტის და რეალური ავტოკეფალიის მოპოვების“, მაგალითად რუსეთის ეკლესიის ოპერირება აფხაზეთსა და ცხინვალში, – „ჩვენს კანონიკურ ტერიტორიებზე“, და რუსეთის ეკლესიას „ისტორიის გაყალბებით სურს მეტის წაგლეჯა“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share