იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ე.წ. შავი ხვრელის, ანუ იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდახსნაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოც სანქცირებული ქვეყნების რიგს შეუერთდეს, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ასე მოხდება, “სრული კარასტროფა იქნება“ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
რაც შეეხება იმას, რომ ამ დრომდე საქართველოში უსაფრთხოების საბჭო არ შეკრებილა, ლაგაზიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა რეალური მუქარის წინაშე დგას და ხელისუფლება ამითაა შებოჭილი, ღიად თქმა და საზოგადოებაში პანიკის დათესვა საჭირო არაა, თუმცა “ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ერთიანი საზოგადოებრივი სხეული არ ჩამოყალიბდეს”.
“ქართული ოცნება” პოლიტიკაში მოსვლის დღიდან უსაფრთხოების საბჭოს როგორც სტრატეგიულად დაგეგმვით ორგანოს, არ სცნობდა. საუბარი იმაზე, რომ უსაფრთხოების საბჭოს შეკრება არის საჩვენებელი და რეალურად პოლიტიკის შემუშავება ამ საბჭოს მიღმა ხდება, აბსოლუტურად არასერიოზულია. მაშინ ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ ქვეყნებს რატომ აქვთ ეს საბჭოები?! ან თუ ამ საბჭოს შეკრება არ გვჭირდება და ის არის ფორმალური, უბრალოდ შოუს მხარე, რატომ მიდის ბიუჯეტის ხარჯები მის შესანახად?! ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება აქვთ. უსაფრთხოების საბჭო ნებისმიერ ქვეყანაში არის უსაფრთხოების არქიტექტურის თავი.
ხელისუფლების დამოკიდებულება უსაფრთხოების საბჭოს მიმართ ასახავს ქვეყნის დამოკიდებულებას ზოგადად უსაფრთხოების მიმართ. თუ რეალური მუქარის წინაშე დგას ქვეყანა (ესეც არ გამოვრიცხოთ) და ხელისუფლება ამითაა შეშინებული და შებოჭილი, არ არის აუცილებელი ეს ღიად ითქვას და საზოგადოებაში ამის გამო პანიკა ატყდეს, მაგრამ დღეს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია არა პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებაზე, არამედ ყველაფერს აკეთებს, რათა ერთიანი საზოგადოებრივი სხეული არ ჩამოყალიბდეს და პოლიტიკურმა სპექტრმა ისევ ერთმანეთი დაჭამოს. ეს არის უპასუხისმგებლობა და ქვეყნის მტრობა”,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.