”როცა გურიაში 1906 წელს რუსები შევიდენ, პოლკოვნიკმა კრილოვმა მასთან მისულ გურულების დეპუტაციას აღუთქვა, რომ ის რეპრესიებს არ მიმართავდა, ამიტომაც ბევრმა ოზურგეთელმა ქალაქი არ მიატოვა. მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა. კრილოვის ბრძანებით მთელი ოზურგეთის ცენტრი გადაწვეს და მოსახლეობა ააწიოკეს (გადარჩა მხოლოდ ათიოდე მაღაზია, რომელიც სამსართულიანი ქვის ყაზარმის უკან მდებარეობდა, რადგან მათი გადაწვა საშიშროებას შეუქმნიდა თვით ყაზარმას). კაზაკები ტეხდნენ დაკეტილ დუქნებსა და მაღაზიებს, უვარდებოდნენ საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობას, მიჰქონდათ ყველაფერი რაც მოეწონებოდათ, დანარჩენს კი ამტვრევდნენ და წვავდნენ. როგორც თვითმხილველები იუწყებიან ხალხი საცვლების ამარა გამორბოდა სახლებიდან და მთებში გარბოდა. თურმე რამდენიმე ქალი და ბავშვი სიცივისა და შიმშილისაგან დაღუპულა. გაქცევისას ყოფილა შემთხვევები, როცა საბანში გახვეული ჩვილი გადმოვარდნილა, დედას გვიან შეუმჩნევია, თუმცა ბედზე სხვა გაქცეულებს უნახავთ და ბავშვი გადარჩენილა. ,,შეიქვნა ქალებში ბავშვებში კივილ-წივილი ისეთი რომე არნახული სტოვებდნენ ოჯახებს… ამ მხეცის კაზაკებიდან სუყველა ტყეში გავრბოდით… და თანაც უკანაც ვიხედებოდით როდეს მოგვეწეოდენ და როდის თავს წაგვჭრიდენ.” ხანძრის დროს სავაჭროებში ფეთქდებოდა რევოლუციონერების მიერ შენახული ყუმბარები და ვაზნები. ,,მთელი ღამე იწვოდა ოზურგეთი, ჩუმად, უხმოდ… ავარდა ცაში ვეება ხანძარი და ახლომახლო მიდამო მზიან დღესავით განათდა,” – წერდა ნინო ნაკაშიძე.
ირაკლი მახარაძე.