სასამართლომ ანტიპუტინურ აქციაზე დაკავებულ “მთავარი არხის” წამყვანს 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

“მთავარი არხის” წამყვანს, ბაჩი ვალიშვილს, რომელიც პოლიციამ 7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მას შსს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა.

პროცესის შემდეგ ვალიშვილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ თქვა, რომ აქციაზე დაკავებული ადამიანები “მკაცრად დაისჯებიან”.

“დამაკავეს იმის გამო, რომ ვაპროტესტებდი პრორუსულ ხელისუფლებას და ამ პრორუსული ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის და ამბობს, ყველა დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრითო. დაემუქრა ფაქტობრივად მოქალაქეებს. ჯერ ერთი, რატომ წყვეტს ან საიდან იცის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვინ როგორ დაისჯება. რა შუაშია შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც ქვეყანაში სასამართლო არსებობს და მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაისჯება და ვინ – არა. ნორმალურ ქვეყნებში ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, რუსეთში – კი. როგორც ჩანს, ჩვენ რუსეთში ვცხოვრობთ”, – თქვა ბაჩი ვალიშვილმა.

ძალოვანი უწყება წვრილმან ხულიგნობას ედავება “მთავარი არხის” კიდევ 2 ჟურნალისტს – მარიამ გეგუჩაძეს და ნოდარ რუხაძეს.

კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ ქმედებებს აპროტესტებდნენ, მოძრაობა “სირცხვილიას” კიდევ 3 წევრი დააკავეს. შოთა დიღმელაშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენების პროცესი კი მომდევნო დღეებში გაიმართება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შსს-მ “სირცხვილიას” კიდევ ერთ აქტივისტზე – თათი მელიქიშვილზე დაიწყო საქმის წარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. “ხელისუფლება სჯის ყველას, ვინც უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობს”, – ამბობენ “სირცხვილიაში”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share