“როცა ვამბობთ, რომ ომის ყველა დანაშაულს ვიძიებთ, ნიშნავს რომ ყველა მიეცემა პასუხისგებაში, პირველ რიგში პუტინი” – უკრაინის გენპროკურორი გამოძიებებზე

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 1000-მდე სისხლის სამართლის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ეჭვმიტანილია 60-მდე რუსი მაღალჩინოსანი – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას საუბრობს.

ვენედიქტოვა ამბობს, რომ გამოძიებები მიმდინარეობს როგორც ომის დანაშაულზე, ისე ჰუმანიტარულზე, ასევე დაჭრებზე, დაბომბვებზე, ეკოციდზე და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტებზე.

“როცა ვამბობთ, რომ ყველა ომის დანაშაულს ვიძიებთ, ნიშნავს იმას, რომ ყველა მიეცემა პასუხისგებაში ვინც ჩაიდინა დანაშაული. პირველ რიგში პუტინი იმიტომ, რომ ის არის ამ დანაშაულის პირამიდის მწვერვალზე. ის დაისჯება და სხვა სამართლებრივ პლატფორმებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ” ამბობს ვენედიქტოვა “მთავარი არხის” ეთერში.

უკრაინის გენპროკურორი ამბობს, რომ აქტიურად მუშაობენ ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო სასამართლოებშიც იმისთვის, რომ აგრესორმა რუსეთმა პასუხი აგოს დანაშაულისთვის. ვენედიქტოვას განცხადებით, საკუთარი გამოძიება დაიწყო ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ  ესტონეთმა, ლიეტუვამ, პოლონეთმა, გერმანიამ, სლოვაკეთმა.

ვენედიქტოვა სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნების გარდა იმ პირებზეც საუბრობს, რომლებიც პუტინის პროპაგანდისტებად ითვლებიან. მან ჩამოთვალა ცნობილი მომღერლები, რეჟისორები თუ ტელეწამყვანები, რომელთა წინააღმდეგ უკრაინაში საქმეები აღიძრა ნაციონალური მოტივით შუღლის გაღვივებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევების მუხლებით.

ვენედიქტოვას განცხადებით, ცალკე ტრიბუნალი უნდა შედგეს მარიუპოლზე, რადგან ამ ქალაქში რუსეთმა ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა მოაწყო.

რაც შეეხება ბელარუსის შესაძლო მონაწილეობას – ვენედიქტოვა ამბობს, რომ ომის პირველ დღეებში არსებობდა ცნობები, რომ ბელარუსი თანამონაწილე იყო რუსული აგრესიის და ამ ყველაფერზე ამ დრომდე მოკვლევა მიმდინარეობს. ვენედიქტოვას განცხადებით, კონკრეტული ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ ჰყავთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share