“არ არსებობს ახლა კარგი და ცუდი რუსი, სანამ თქვენ ჩუმად ხართ და შეშლილი დიქტატორის პროპაგანდას იჯერებთ” – კლიჩკოს მიმართვა რუსებს

არ არსებობს ახლა კარგი და ცუდი რუსი, სანამ თქვენ ჩუმად ხართ და შეშლილი ადამიანის, დიქტატორის პროპაგანდას იჯერებთ, – კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ძმა და ცნობილი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო რუსებისადმი ვრცელ მიმართვას აქვეყნებს:

ეს არის გზავნილი რუსებისთვის. მისმინეთ ყველამ, ვისაც აზროვნება შეგიძლიათ, ან ჯერ კიდევ შეგიძლიათ. თქვენი ე.წ. არმიის უკრაინაში შეჭრის იმპერატორული ამბიციებითა და ბარბაროსობით თქვენ დათესეთ საუკუნო სიძულვილი. ახლა იმაზე საუბარი, რომ მთავრობა ერთია, მოქალაქეები კი მეორე, არის სრული ბოდვა და სისულელე. ეს თქვენ ხართ, ვისაც პროპაგანდის სჯერა და ვერ ითვისებს ინფორმაციას საკუთარი ნათესავებისგან და მეგობრებისგანაც კი, ვინც ჩუმად იყო მთელი ეს წლები, როდესაც თქვენმა ქვეყანამ მოახდინა ყირიმისა და დონბასის ნაწილის ოკუპაცია.

ეს თქვენ უყურებდით ზემოდან უკრაინელებს და თვლიდით, რომ ასეთი ერი არ არსებობს. ეს თქვენ უყვებოდით ერთმანეთს ტყუილებს ნაცისტების შესახებ და სხვა ნაბოდვარს. ეს თქვენი ქმრები, მამები, შვილები ჩამოვიდნენ უკრაინაში ახლა და თქვენ ეს კარგად იცით. თქვენ ურეკავთ მათ და ეკითხებით, როგორ მიდის მათი დავალების საქმე. დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენი გათავისუფლება არ არის საჭირო. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვაშენებდით საკუთარ ქვეყანას. და ჩვენ მას აუცილებლად ავაშენებთ.

უკრაინა თავისუფალი სახელმწიფოა, რომელმაც აირჩია განვითარების დემოკრატიული, ევროპული გზა და ჩვენ ვიბრძოლებთ ამ არჩევანისთვის. დღეს ჩვენ ისეთი ერთიანები და მტკიცეები ვართ, როგორც არასდროს. ჩვენ არ მოვსულვართ თქვენს მიწაზე. ეს თქვენ კლავთ ჩვენს შვილებს. ბომბავთ და მიწასთან ასწორებთ ჩვენს ქალაქებსა და სახლებს.

იცოდეთ, რომ აქ თქვენ ორკებს გიწოდებენ. ყველას. არ არსებობს ახლა კარგი და ცუდი რუსი, სანამ თქვენ ჩუმად ხართ და შეშლილი ადამიანის, დიქტატორის პროპაგანდას იჯერებთ. მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას დღეს და აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ ვაშენებთ საკუთარ ქვეყანას. დიახ, ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ დაგნებდებით, რადგან ჩვენ არ გვეშინია და თქვენმა არმიამ ეს უკვე დაინახა.

ულტიმატუმების წაყენება ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი მიწისთვის კვდებიან, უპერსპექტივო საქმეა. დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა მოინდომოთ უკრაინისა და უკრაინელების განადგურება, თუ ასე გააგრძელებთ, ვერც თქვენი ქვეყანა გადარჩება. ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს იმკის. თუ არ გინდათ, რომ იყოთ იზოლაციაში, ნუ კანკალებთ შიშისგან, იყავით თამამები, როგორც უკრაინელები. გადაარჩინეთ თქვენი ქვეყანა, ჩვენ კი ჩვენსას არ დაგითმობთ და არც ჩაგაბარებთ.

ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ – ძლიერი, თავისუფლების მოყვარული და გმირი ერის წარმომდგენელი, – ამბობს ვლადიმერ კლიჩკო. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share