24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ქალაქები დაბომბა და ომს უამრავი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, რუსმა თუ უკრაინელმა ცნობილმა სახეებმა ომისა და პუტინის წინააღმდეგ აზრი ღიად დააფიქსირეს.
რუსი ცნობილი სახეების ნაწილი წერდა, რომ უკრაინაში შეჭრა და ხალხის ხოცვა დაუშვებელია, ზოგიერთი კი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამართლებდა.
24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, უამრავმა ცნობილმა ბრენდმა განაცხადა უარი რუსეთში მუშაობის გაგრძელებაზე. მათ შორისაა: Gucci, Yves Saint Laurent, Bottega Veneta, Balenciaga, Alexander McQueen, Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Zara.
Apple-მა პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა და ზოგიერთი სერვისის გამოყენება (Apple Pay) შეზღუდა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Samsung-მა, Ericsson-მა და Dell-მა.
რუსულ ბანკებს აღარ მოემსახურებიან ელექტრონული საგადამხდელო კომპანიები Mastercard-ი, Visa და American Express-ი.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთში McDonald’s 850 რესტორანს დროებით ხურავს…
რუსეთი დატოვეს არა მხოლოდ კომპანიებმა, არამედ ცნობილმა სახეებმა. რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალა პუგაჩოვამ ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. მომღერალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, კერძო თვითმფრინავით გაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან, კრისტინა ორბაკაიტესთან გაფრინდა.
„დილიდანვე ჩემს ახლობლებსა და ნათესავებს ვუკავშირდები, რომლებიც უკრაინაში არიან. სიტყვებით ვერ აღვწერ რასაც ვგრძნობ! ეს როგორ შეიძლება! ომს გამართლება არ აქვს! არა ომს!“, – დაწერა 24 თებერვალს ინსტაგრამზე მაქსიმ გალკინმა .
ომის წინააღმდეგ დააფიქსირა აზრი ცნობილმა მომღერალმა ზემფირამაც. „არა ომს!“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ღიად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ცნობილმა მუსიკოსმა ივან დორნმაც, რომელსაც “ინსტრაგრამზე” ქართული ვიდეო აქვს გაზიარებული და წერს:
„საქართველო, ჩემო ძვირფასო! მე შენ მიყვარხარ! გმადლობ მხარდაჭერისთვის – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
„დღეს ჩემი ქვეყანა აფეთქების ხმამ გააღვიძა. დღეს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ახლა იმ რუსებს მივმართავ, რომელთათვისაც ჩემი სიტყვა კიდევ რაღაცას ნიშნავს. მოგიწოდებთ, შეაჩერეთ ეს კატასტროფა. მოგიწოდებთ, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ომში. ჩვენ არავინ გვჭირდება, ჩვენ თავად გვსურს ჩვენი ბედის წარმართვა. მივმართავ ჩემს რუს კოლეგებს, რომელთაც დიდი აუდიტორია ჰყავთ, მოუწოდეთ მათ, რომ ჩვენ არავინ გვჭირდება, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ნუ იქნებით ჩუმად, ერთად შევაჩეროთ ეს კატასტროფა! უკრაინა, მე შენს გვერდით ვარ!“, – ამბობს ვიდეომიმართვაში მომღერალი.
„მინდა მივმართო რუს დედებსა და მამებს, ახლა თქვენს შვილებს ომში წამოიყვანენ და აქ დაიღუპებიან. იცოდეთ, რომ ახლა თქვენ მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე ღარიბ ქვეყანად იქცევით. და საქმე სანქციებში კი არაა, უბრალოდ მთელი სამყარო ფიქრობს, რომ ეს არასწორი ქმედებაა. რუსეთში ისეთი კატასტროფა მოხდება, რომ თქვენ თავად შეცვლით ყველაფერს. სალამი მინდა გადავცე ტიმატის, შენ გქონდა შანსი მსოფლიოსთვის მიგემართა, მაგრამ ალბათ არ იცი და არც გინახავს, რა ხდება უკრაინაში… ჩვენ შევხვდებით იმიტომ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს!“, – გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა ცნობილმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა პოტაპმა, რომელიც ახლა უკრაინის ომში სამშობლოს დასაცავად იბრძვის.
ცნობილი გახდა, რომ რუსული მუსიკალური არხები თანამშრომლობას წყვეტენ იმ მომღერლებთან, რომელთაც ომის წინააღმდეგ საჯარო განცხადებები გააკეთეს, ესენია: პოტაპი, ივან დორნი, მაქს ბარკი, ვერა ბრეჟნევა და ვალერი მელაძე, ასევე რუსული ჯგუფები” “აკვარიუმი“ და “Маша 2”.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მუსიკოსმა ვალერი მელაძემ საზოგადოებას ომის დაწყების დღესვე მიმართა:
“დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო არასდროს. ოდესმე ისტორია განსჯის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მაგრამ დღეს, მინდა გთხოვოთ, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოლაპარაკება, ამისთვის ჩვენ ენაც გვაქვს და ყველა სხვა საშუალება. ხალხი არ უნდა დაიღუპოს, ეს უნდა დასრულდეს”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ვალერი მელაძე.
რუსმა მომღერალმა ნიკოლაი ბასკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი არ არღვევს საერთაშორისო უფლებებს:
“რუსეთის წამოწყებული სპეცოპერაცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო უფლებებს. რუსეთს სრული უფლება აქვს საკუთარ თავზე აიღოს დონეცკისა და ლუგანსკის “დამოუკიდებელი რესპუბლიკების” უსაფრთხოების დაცვა.
ეს სამშვიდობო სპეცოპერაცია, გენოციდისა და რუსეთზე თავდასხმის დასასრულია. ეს რუსეთისა და მისი მოკავშირეების თავდაცვაა.
დასავლეთის მხრიდან რუსეთის 30 წლიანი უპრინციპო მოტყუება დასრულდა. დასავლეთს არ სურს ჩვენი უფლებების აღიარება, რუსეთი კი არასდროს დათანხმდება, რომ მისი აზრი უგულებელყონ, რომ მისი მოქალაქეები მეორეხარისხოვან ადამიანებად ჩათვალონ. მოვიდა დრო ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: აშშ-ს და მის მოკავშირეებს ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ. აშშ-სა და ნატოს ხელები დიდი ხანია სერბეთის, ერაყის, სირიის მოქალაქეთა სისხლითაა გასვრილი”, – წერს ინსტარამის პირად გვერდზე მომღერალი.