„ნაციონალური მოძრაობა” “სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვყნებულ განცხადებას განცხადებითვე პასუხობს, რომელსაც „პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
„არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის ჩასწორებასთან დაკავშირებით: არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს „ხარვეზებისა” და გადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა, როდესაც ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ. სანდოობის უზრუნველსაყოფად და მიუკერძოებლობის გამოსარიცხად ხმების პარალელური დათვლა, ასევე მისი აუდიტის პროცესი კონფიდენციალურია.
შესაბამისად, ასეთი ტიპის დამთხვევა ეჭვებს აჩენს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა. დიდი ალბათობით ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოხდა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას; PVT -ს მეთოდოლიგია შემთხვევითი შერჩევის წესით განსაზღვრულ უბნებში დაწერილი ოქმების დაჯამებას ითვალისწინებს.
შესაბამისად, ხმების პარალელური დათვლა უბანზე არსებული დარღვევების (კარუსელის, ბიულეტენების ჩაყრი, ბიულეტენში ჩანაწერების გაყალბების) მონიტორინგს ან პრევენციას ვერ მოახდენს. სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცება არჩევნების მასშტაბურად გაყალბების შესახებ არა PVT-ს პირველად შედეგებს ეფუძნებოდა, არამედ მთელ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების, საარჩევნო დღისა და ხმების დათვლის პროცესის განმავლობაში უამრავი დარღვევის შესახებ მიღებულ ვიდეო, აუდიო თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად ვაწვდიდით. მაგალითისთვის – 2000-ზე მეტ ოქმში დისბალანსია, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 3000-ზე მეტი ბიულეტენია დაკარგული, ყველა ეს ბიულეტენი პოტენციურად კარუსელის განხორციელების წინაპირობაა, აღარ ვსაუბრობთ ჩაყრისა და ამომრჩეველზე ზეწოლის ვიდეო მტკიცებულებებზე.
მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე განუხილვევლად დატოვეს ან არ დააკმაყოფილეს. ამ ფაქტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ISFED-ის ჩათვლით, მკაფიოდ აღნიშნეს;
ISFED-ის ჩასწორებულ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნულია: “მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს, რაც მათ შორის, საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში გამოიხატა”, ამ ფარგლების დისბალანსის პირობებში, რომელიც ცხადია, რომ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მოხდა, 4%-იან ცდომილებას იძლევა.
მივმართავთ ISFED-ის წამომადგენლებს, არსებულ კითხვებს საჯაროდ და სრულყოფილად პასუხი გასცენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო დროულად და არა მხოლოდ წერილობითი ფორმით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.