ექსკლუზივი: ოზურგეთში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის უკან, ავთანდილ და არჩილ თალაკვაძეები დგანან

დღეს, ოზურგეთში ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაციის – ალტ ინფოს ოფისი გაიხსნა.

როგორც “გურიის მოამბისთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, ფართი, რომელიც ალტ-ინფომ ოზურგეთში იქირავა და ოფისი გახსნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილებაშია.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ბიზნესმენებმა, ყველამ ერთად უარი უთხრეს  ალტ-ინფოს ფართის მიქირავებაზე, ოზურგეთის მერიამ,   ძალადობრივ და პუტინისტურ ჯგუფს საკუთარ კუთვნილებაში არსებული ფართი გამოუყო და  საოფისედ ყველანაირი საიჯარო ხელშეკრულების გარეშე გადასცა.

ამ ინფორმაციას  ოზურგეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე,  დავით მჟავანაძე ავრცელებს, რომელიც “გურიის მოამბესთან” საუბარში ამბობს:

“დღეს, ოზურგეთში გაიხსნა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ოფისი. მაშინ როცა უკრაინაში მშვიდონიანი მოსახლეობა იღუპება, ბავშვებს ხოცავენ და სამშობიაროებს აფეთქებენ, არც მეტი არც ნაკლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთნდილ თალაკვაძე, რომელიც არჩილ თალაკვაძის ძმაა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ქონებას უთმობს ამ კრიმინალურ ბანდას და აძლევს მათ უფლებას, რომ აქ ოფისის გახსნის პრეზენტაცია ჩაატაროს. აქ არის ყველანაირი ზღვარი წაშლილი.” – ამბობს მჟავანაძე.

როგორც დავით მჟავანაძე აცხადებს, ალტ-ინფოსთვის ფართის მიქირავებას ავთანდილ თალაკვაძე ძმის, არჩილ თალაკვაძის გარეშე ვერ შეძლებდა:

“პრობლემა ამ დამნაშავეების ჯგუფი კი არაა, პრობლემაა ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა”. ვერანაირად ვერ გაბედავდა ავთანდილ თალაკვაძე მისი ძმის, არჩილ თალაკვაძის ნებართვის გარეშე, ასეთი დანაშაული ჩაედინა.ეს არის დანაშაული. საბუთებით მტკიცდება, რომ სადაც ალტ ინფოს ღონისძიება ჩატარდა, ეს არის ის ფართი, რომელსაც ფლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს ოზურგეთის მერი. ორშაბათს უნდა მივიდეთ მის კაბინეტში და უნდა მოვთხოვოთ ახსნა-განმარტება ამ ყველაფერზე.” – აცხადებს დავით მჟავანაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share