პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერი ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ “რაღაც პერიოდი” თბილისში ვერ იქნება, ვერც ეთერებში გამოჩნდება, რადგან “სხვა ფორმატში” მოუწევს მუშაობა.
მისი თქმით, “გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი” მიმდინარეობს და ალტ-ინფოს “სხვა ტემპებზე” უწევს გადასვლა.
“ჩვენ მიერ პროგნოზი რაც კეთდებოდა წლების მანძილზე, ეგ დაიწყო და მიდის, მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს და იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს ამ ქარიშხალში, ჩვენც, როგორც ალტ-ინფოს, ისე კონსერვატიულ მოძრაობას, სხვა ტემპებზე გვიწევს გადასვლა.
აქედან გამომდინარე, მე თვე ან უფრო მეტი ხანი მომიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე, რაც იმას გულისხმობს, რომ თბილისში ვერ ვიქნები და ეთერებშიც ვერ გამოვჩნდები რაღაც პერიოდი და მე მინდა, ყველამ გააცნობიეროთ – წელს გადაწყდება საქართველოს ბედი, გადარჩება თუ არა ჩვენი სამშობლო, ამიტომ ყველას მოგვიწევს გაათმაგებული ძალისხმევით მოქმედება. მე მჯერა, რომ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”, – თქვა მახარაძემ.
ალტ-ინფოს რეგიონებში ადგილობრივები ოფისების გახსნაში ხელს უშლიან. პრორუსების ოფსები დაახურინეს მესტიაში, ხულოსა და შუახევში. სხვადასხვა ქალაქებში კი მათი საწინააღმდეგო აქციები იმართება.