“უკრაინა, ბელარუსი და რუსეთი გაერთიანდება, შედგება ერთი დიდი წმინდა რუსეთი, მერე საქართველოში აღდგება მეფობა” – ამის შესახებ სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას თქვა.
მან ასევე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პროპაგანდა გაიმეორა. პუტინის მსგავსად, ის ამტკიცებდა, რომ უკრაინა “მე-19 და მე-20 საუკუნის ტერმინია” და რუსები და უკრაინელები “ერთი ნაციაა”.
“ყველაზე ცუდი ისაა, რომ ძმები ხოცავენ ერთმანეთს. ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ დამშვიდდეს ყველაფერი, დაწყნარდეს და ქართველმა ხალხი უნდა შევევედროთ, უფალს, რომ იყოს მშვიდობა სიწყნარე და ეს ორი ერი, რომელიც ფაქტიურად ერთი ერია, ერთი ეთნოსია, შერიგდნენ დაწყნარდნენ დამშვიდდნენ, სინანული მიეცეთ და ერთად იყვნენ. ერთი ერია ეს, ერთი ნაციაა….
უკრაინა ტერმინი არ არსებობდა საერთოდ, ეს არი მე-19 მეორე ნახევრის და მე-20 საუკუნის ტერმინი”,-თქვა მეუფე სპირიდონმა.
მისივე თქმით, უკრაინა დღეს “გეი პარადების გამო ისჯება”.
“თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ასევე, ღვთისმშობლის წილხვედრია ათონის მთა, კიევი და შემდეგ არის დივეევოს მონასტერი. ეს ცნობილია მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, რომ კიევი არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს ხომ უდიდესი საჩუქარია მათთვის, მაგრამ ვისაც მეტი მიეცეს, მეტი მოეთხოვოსო. შე დალოცვილო, აი ამხელა სიწმინდეში რომ გეი აქტივისტს პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდო. ასეთ სიწმინდეში ყოველ წელიწადს გეი პარადებს რომ ჩაატარებ, რა გასაკვირია, რომ დაისაჯო და ღვთის რისხვა მოგეწიოს”,- თქვა მეუფე სპირიდონმა.