ევროკავშირმა საქართველოს კორონავირუსის კრიზის დასაძლევად 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. დახმარება განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, აღნიშნული 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი არის იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარების ნაწილი, რომლის მობილიზება ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოახდინა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში.
“ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას იმ მწვავე გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა”, – აცხადებს ჰარცელი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დახმარება პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან (დაახლოებით 300 მილიონი ლარი), რომელიც კორონავირუსის მიმართ საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში.
“გადაწყვეტილება აღნიშნული სახსრების გამოყოფის შესახებ მიღებულ იქნა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია აცხადებს, რომ დარჩენილი თანხის გამოყოფა მოხდება მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასების საფუძველზე, რომლებიც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაწევას, ბიზნესების მხარდაჭერას სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის გაზრდას.