ავტოკრატია 2012 წლამდე იყო, სააკაშვილს ჰქონდა დიქტატორობის სურვილი – მდინარაძე

“ავტოკრატია 2012 წლამდე იყო და მიხეილ სააკაშვილს დიქტატორობის სურვილიც ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ვერ მოახერხა”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ახალ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ცვლილებები კონკრეტული სამართლებრივი და ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარეობს.

„მაგალითად, დღეს მდგომარეობით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაწყვეტს, რომ რომელიმე პარტიის ლიდერი იყოს, რომელიც საქართველოშია, ჩამოვა ან უცხოეთიდან შეეცდება ლიდერობას და პარტია ამ ყველაფერს არ გაემიჯნება, ეს დღესაც აკრძალულია ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში. მაგრამ ამისთვის სანქცია რა არის და სახელმწიფომ როგორ უნდა უზრუნველყოს, ეს არის ხარვეზი ქართულ კანონმდებლობაში, რადგან ამის გამორიცხვას 2000 ლარით ვერ უზრუნველყოფს. ჩვენ ახალ ნორმას არ ვიგონებთ, საარჩევნო ცენზს მთელი მსოფლიო აღიარებს, მაგრამ სანქციები სხვადასხვაგვარია. ჩვენს შემთხვევაში 2000 ლარია, რაც საკმარისი არ არის და ახალი ცვლილებებით მკაცრდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share