ამის შესახებ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
მმართველი პარტია იმედს გამოთქვამს, რომ ზურაბიშვილი არ იმეორებს “რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს”:
გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა – „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა – იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.