ვახუშტი მენაბდე – „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ პრეზიდენტს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება არ აქვს…კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა

„ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ პრეზიდენტს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება არ აქვს, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდის თქმით, პირველი, რაც ამ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, არის კონფლიქტი, რომელიც მმართველ გუნდსა და სახელმწიფოს მეთაურს შორის არსებობს.

როგორც მენაბდემ აღნიშნა, კონფლიქტის ნიშნებს აქამდეც ვხედავდით, მაგრამ ეს ახლა პირველად გასაჯაროვდა.

„როგორც ჩანს, კონფლიქტი ღია ფაზაში გადადის. ამაში რა თქმა უნდა, თავისთავად არაფერია ტრაგიკული – ბუნებრივია, კონსტიტუციურ ორგანოებს გააჩნდეთ განსხვავებული ხედვები პოლიტიკაზე და საკუთარ უფლებამოსილებაზე.

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არა აქვს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა. უზენაეს კანონში მკაფიოდ წერია, რომ პრეზიდენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვში ერთ-ერთია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ ჯაჭვის გაწყვეტაც შეუძლია კონკრეტულ კანდიდატზე მთავრობასთან შეუთანხმებლობის პირობებში.

როგორც ჩანს, მთავრობა ამ დავის საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანას აპირებს. ეს კომპეტენციის დავაა, რაც თავისთავად იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ გულისხმობს. დავა რომ სასამართლოში მიდის, ეს კარგია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ აბარებს დამოუკიდებლობის ტესტს – არ მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლეების უმრავლესობა შეძლებს გაუმკლავდეს უმრავლესობის ზეწოლას ამ დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხს, მენაბდის შეფასებით, „პრეზიდენტი კონსტიტუციის მიღმა მოქმედებდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ განცხადების მიხედვით, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომდე არ მივა“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share