“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, “ქართულ ოცნებას” სურს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე გახდეს. ნიკა გვარამია ეხმაურება მმართველი პარტიის მხრიდან, პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას.
ნიკა გვარამია მიმართავს ზურაბიშვილს და მოუწოდებს, არ შევიდეს “ოცნების” ლიდერებთან ვაჭრობაში.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ზურაბიშვილს ახლა აქვს ისტორიული შანსი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
“კარგად ჩანს რა იგეგმება. იგეგმება ირაკლი კობახიძის გაპრეზიდენტება. თქვენ იცით, რომ ახალი პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს და არჩევნები აღარ ტარდება, ხმოსნები აკეთებენ ამას. ხმოსნებში შედიან არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ შედის აფხაზეთის უზენაესი საბჭო და აჭარის უზენაესი საბჭო, საიდანაც ხმების უდიდეს რაოდენობას წამოიღებს “ოცნება”, ასევე შედიან ამ გაყალბებული თვითმმართველობის არჩევნების გზით საკრებულოდან წარმოდგენილი წევრები. გასაგებია რაც მოხდება, თუ პირველ ტურში ვერ მოიგებს კობახიძე, მეორე ტურში უკვე 50%-იც საკმარისია, სურვილი არის ასეთი. საკონსტიტუციო იმას დაწერს, რაც “ოცნებას” უნდა”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას იმპიჩმენტისთვის ხმები არ ჰყოფნის, მაგრამ პრეზიდენტმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მორალური დილემის წინაშე იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდება და მისი გადაყენების საკითხი დადგება.
“სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ ახლა პოლიტიკურ ვაჭრობაში არ შეყვეს “ქართულ ოცნებას”, იმიტომ, რომ აუცილებლად ეს პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყება და იყოს გამბედავი, მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებით და სხვა საკითხებშიც”, – ამბობს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა და პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის აზრით, სალომე ზურაბიშვილის მიზანია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს.
“ოცნება” ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა იძულებულია უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.