შვედეთის უმსხვილესმა ბანკმა საქართველოში გადარიცხვები გააუქმა

შვედეთის უმსხვილესმა ბანკმა საქართველოში საბანკო ოპერაციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.  21 მარტიდან ,,ჰანდელსბანკენის” გავლით ფულს ჩვენს ქვეყანაში  ვერავინ  გადმორიცხავს. ეს ერთი საფინანსო ინსტიტუტია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა შვედეთის მთელი საბანკო სისტემა შეუერთდეს.

,,სვენ ბანკი” და ,,დანსკე ბანკი” აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე ფიქრობენ. ფინანსისტები არ გამორიცხავენ, რომ თუ ,,ქართული ოცნება” საგარეო კურსს არ შეცვლის, ქვეყანა მძიმე დღეში აღმოჩნდება.

,,ჰანდელსბანკენი” შვედურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკია, ის ხედავს რისკს, რომ საქართველოში გადარიცხვებით შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებმა სანქციებს გვერდი აუარონ.

სპეციალისტების განმარტებით, რუსული კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერების საფრთხის წინაშეა, პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მათ ევროპის ქვეყნებიდან შეჰქონდათ, ახლა კი ეს ბაზარი მათთვის დაიხურა, ამიტომ არსებობს რისკი, რომ შესაძლოა, ნაწილებისა და ნედლეულის შესასყიდად მათ ქართული კომპანიები გამოიყენონ, საქართველოში ჩამოტანილი პროდუქცია კი რუსეთში მოხვდეს.

ამ დრომდე შვედეთში მყოფი საქართველოს მოქალაქები, ვინც ემიგრაციაში ოჯახების სარჩენად წავიდა, ეძებენ გზებს, როგორ შეიძლება, ოჯახის წევრებს ფული გადმოურიცხონ.

tv pirveli

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share