რუსი მიგრანტები – მივიღოთ თუ არა?

წარმოუდგენელ დროში ვცხოვრობთ – სულ რაღაც 2-3 თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ სულ მალე საქართველოს მასობრივად მოაწყდებოდნენ რუსი მიგრანტები და ჩვენ აქ ვიკამათებდით – მივიღოთ თუ არა? – ანეკდოტად ჩავთვლიდით. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება – საქართველოში ათობით ათასი რუსი შემოვიდა, ჩვენ კი არ ვიცით, ამ უცნაურ ფაქტს როგორ შევხვდეთ.

რა თქმა უნდა, ოკუპანტი-ქვეყნის მოქალაქეთა ასეთი სწრაფი და მოულოდნელო მოზღვავება – ბევრ კითხვებს და ეჭვებს ბადებს. ისიც გასაგებია, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეზე უკვე მესამედ დაიწყო ომი „თანამემამულეთა” და „რუსეთის მოქალაქეთა” დაცვის საბაბით, ამიტომაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის შიშები სავსებით გასაგები და ლეგიტიმურია.

თუმცა, შევეცდები გავფანტო ეს აშკარად გადაჭარბებული შფოთვები.

რუსების ჩამოსვლის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტია სწორედ ის, რაც ზემოთ ითქვა – შესაძლოა პუტინმა ეს მოქალაქეები გამოიყენოს აგრესიის საბაბად. თუმცა, რეალურად, ეს ნაკლებად სავარაუდოა. მსოფლიო შეიცვალა, დღეს ჩვენ უკვე არ ვართ 2008 წელში, როდესაც პუტინის გათავხედების პროცესი საწყის სტადიაზე იყო და მას სამხედრო შეჭრისთვის ხელოვნური, თავად მის მიერვე შექმნილი საბაბი დასჭირდა.

სულ სხვა ეპოქაში ვართ – 2022 წლის 24 თებერვლიდან პუტინს, იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყანა დალაშქროს, უკვე არ სჭირდება საბაბი, ფორმალურიც კი. დღეს ომის დასაწყებად საკმარისია პუტინის სურვილი – თუ ის საჭიროდ ჩათვლის საქართველოში შეჭრას და ამავე დროს თანახმა იქნება ამაში გარკვეული ფასი გადაიხადოს – შემოვა ყოველგვარი რუსი მიგრანტების გარეშე. თუ მაინც და მაინც აუცილებელი იქნება – სულ არაა საჭირო 30 000 – საბაბის შექმნისთვის 10 რუსიც ეყოფა – პროვოკაციის მიზნით 1-2-ს მოკლავენ და ეს სრულიად საკმარისი იქნება.

ასე რომ, მომავალ-შესაძლებელ აგრესიასთან დღეს შემომსვლელ რუსებს არავითარი შეხება არ გააჩნიათ.

მეორე არგუმენტია – კოლექტიური პასუხისმგებლობა. სრულიად ვიზიარებ აზრს, რომ არავითარი 2 რუსეთი არ არსებობს და ის ერთი, რომელიც არსებობს, თავისი ფსიქიკურად დაავადებული ლიდერის ქცევის გამო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. თუმცა – ყველა გამოკითხვა, წლების მანძილზე, ცხადყოფს, რომ რუსეთის მოსახლეობის 10-15% პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგება და ეს მაჩვენებელი სტაბილური და უცვლელია. სწორედ ამ 10-15%-ს ვხედავთ ჩვენ დღეს თბილისის და ბათუმის ქუჩებში.

სულ არ უნდა იცოდე რუსი ხალხის ფსიქოლოგია, რომ წარმოიდგინო, თითქოს რუსი იმპერიალისტ-პუტინისტი თავის ქვეყანას დატოვებს და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვა. ევროპაში კი, ამერიკაში – რა თქმა უნდა, ტაილანდში, კუნძულ ბალიზე ან გოაზე – რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით. მაგრამ საქართველოში – ეს მათთვის შეურაცხყოფის ტოლფასია, ისინი ხომ საქართველოს საერთოდ ქვეყნად არ მიიჩნევენ.

შესაძლებელია, მათ შორის, ვინც ჩამოდის, ნაწილს აქვს იმპერიული ნოსტალგია, თუმცა ეს უფრო მათი კულტურული იდენტობის საკითხია, ვიდრე სამოქმედო პროგრამა – მაგალითად, ბევრ თურქს აქვს ოსმალეთის იმპერიის ნოსტალგია, თუმცა, არავის მოუვა თავში საბერძნეთში, ბულგარეთში, ან თუნდაც საქართველოში შემოჭრის უცნაური იდეა…

დღეს უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ ჩამომსვლელთა ზოგადი კატეგორია – ძირითადად ისინი არიან ახალგაზრდა წყვილები, ზოგჯერ მცირეწლოვანი შვილებით, მათი დიდი ნაწილი ნაკლებად პოლიტიზებულია და ძირითადად საქმიანობს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. დღეს საქართველოში ჩამოდის რუსეთის და ბელორუსიის ინტელექტუალური ელიტა – პროგრამისტები, რომლებსაც მუშაობისთვის თავისუფალი პირადი სივრცე სჭირდებათ. ის სივრცე, რომელიც აქამდე რუსეთში მეტ-ნაკლებად იყო, დღეს კი საბოლოოდ ჩაიხშო.

კიდევ ერთი არგუმენტი – ისინი ხსნიან საქართველოში კომპანიებს იმისთვის, რომ რუსეთს სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა მიეცეს. თუმცა, ეს შიშიც უსაფუძვლოა – როგორც უკვე ითქვა, ისინი ძირითადად მაღალ ტექნოლოგიებში, აუთსორსინგით, უცხოელ შემკვეთებზე მუშაობენ და არავითარი შეხება არ გააჩნიათ იმ დარგებთან, სადაც რუსეთს შესაძლოა სანქციებისგან თავის ასარიდებლად ხვრელები დაჭირდეს.

დამიჯერეთ – ხვალ ქოცობამ ამის გაკეთება რომ დააპიროს – სულ არ სჭირდება ვიღაც გაურკვეველი რუსი ახალგაზრდები – მათ საკმარისზე მეტი ჯიბის ბიზნესმენი ჰყავს, რომელიც რუსეთისთვის ხვრელის როლს დიდი სიამოვნებით შეასრულებს.

შემდეგი არგუმენტი – თუ ასე არ მოსწონთ პუტინი – დარჩნენ რუსეთში და ებრძოლონ. აი ეს კი – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. საქართველოში მოსახლეობის 50%-ზე მეტი ხელისუფლების წინააღმდეგაა, ჩვენთან ასე თუ ისე სიტყვის თავისუფლებაა, ოპოზიციას საქმიანობის საშუალება აქვს, მიტინგებს არავინ არბევს, ასე თუ ისე არჩევნები ტარდება, და საერთოდ მეტ-ნაკლები დემოკრატია გვაქვს. მაგრამ შედეგს ვხედავთ – 10 წელია ქვეყანას მართავს უსარგებლო, არაფრის მაქნისი, უთავმოყვარეო არარაობათა ჯოგი. და ამ სიტუაციაში – რას მოითხოვთ მოსახლეობის 10-15%-სგან სრულიად ტოტალიტარულ, დახურულ ქვეყანაში?

ერს, რომელიც 10 წელი ითმენს ბიძინას, არა აქვს უფლებას სხვას დიქტატორთან ბრძოლის დაბალ ეფექტურობაზე მიუთითოს.

და ბოლოს – სრულიად უსაფუძვლოა შიში, რომ რუსები საჭირო მომენტში საქართველოს ზურგში დანას ჩასცხებენ. აი ეს კი ნამდვილად არ მოხდება, იმიტომ რომ ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. რუსეთს საქართველოში დღეს საკმარისზე მეტი აგენტი ჰყავს. ქართველებისგან შემდგარი მე-5 კოლონა მოუთმენლად ელოდება თავის მომენტს – ისინი არც იმალებიან – ფლობენ ტელევიზიებს, აფუძნებენ პარტიებს, ხსნიან ოფისებს, ქუჩაში ატერორებენ ადამიანებს, რომლებიც გარეგნულად მათგან განსხვავდებიან და საერთოდ, ემზადებიან იმისთვის, რომ ყველას „დედა უტირონ” – ყველას, ვინც, მათნაირი ბნელი არაა, ყველას ვინც თავის ქვეყანას ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევს….

ნამდვილი მე-5 კოლონაა – ეკლესია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებას ოლიმპიური სიმშვიდით და დუმილით შეხვდა… მათი ავაზაკური სინოდიც კი არ შეყარეს იმისთვის, რომ ამ საკითხზე ესაუბრათ… სწორედ ის მამაოები, რომლებსაც დღეს თქვენ ხელებზე ეამბორებით და „გამარჯობას” ნაცვლად „მამაო დამლოცეთ”-ით ესალმებით – სწორედ ისინი მისცემენ დამრბევებს მოქმედებების დაწყების კურთხევას, როდესაც შემოვა ოკუპანტი… რომელიც მათთვის ოკუპანტი სულაც არაა,

ამ ფონზე მტრების ძებნა რუს გოგო-ბიჭებს შორის, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში მომჯდარ კაციჭამიას გაურბიან – არასერიოზულია..

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share