„დემოკრატიის ინდექსის“ თავმჯდომარე, ეკატერინე ციმაკურიძე მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ კანონპროექტს აფასებს, რომელიც პარტიების დაფინანსებისა და პარტიის რეგისტრაციის წესებში ცვლილებების შეტანას ეხება. მისი შეფასებით, საპარლამენტო მსჯელობა ისე, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, არადემოკრატიული და არალეგიტიმურია.
ასევე, მისი განმარტებით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები პარტიების დაფინანსების მთავარ პრინციპსა და მიზანს ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსის“ თავმჯდომარე წერილობით განცხადებას ავრცელებს.
„ინიციატივა ასევე შეეხება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ქართული საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე უტოლდება პარტიის აკრძალვას. რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს, რომ პოლიტიკური სუბიექტს შეეზღუდება შესაძლებლობა განახორციელოს მთავარი მიზანი, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
კონსტიტუციის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის დადგენილია მაღალი სტანდარტი, რომლის დასაკმაყოფილებლად ვერ იქნება საკმარისი ამ პარტიის ლიდერისთვის ამა თუ იმ ცენზის დაწესება. იმისათვის, რომ არ შეექმნას საფრთხე ქვეყანაში პარტიულ პლურალიზმს, საჭიროა დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ითვალისწინებდეს ისეთივე მაღალ სტანდარტს, როგორიც ეს კონსტიტუციითაა დადგენილი.
ყველა ზემოხსენებული ცვლილება ტოვებს განცდას, რომ მმართველი პარტიის მიერ სხვა პარტიების წინააღმდეგ ერთპარტიულად დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი გამოყენებულია როგორც დასჯის მექანიზმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების მიმართ. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოიკოტი პოლიტიკური პროტესტის ფორმაა და პარტიებზე ზეგავლენის მოსახდენად საკანონმდებლო ცვლილებებით მანიპულაცია ვერ იქნება დემოკრატიის მთავარ პრინციპებთან შესაბამისობაში“. – აღნიშნულია ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებაში.
ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება – შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.