მედვედევი: საკმარისი ძალა გვაქვს, გათავხედებულ არამეგობრებს ადგილი მივუჩინოთ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ რუსეთს აქვს საკმარისი ძალა, რომ “გათავხედებულ არამეგობრებს ადგილი მიუჩინოს”.

“რუსეთს აქვს საკმარისი ძალა, რომ ჩვენი ქვეყნის გათავხედებულ არამეგობრებს ადგილი მიუჩინოს. გავაგრძელებთ ბრძოლას მსოფლიოს ისეთი წესრიგისთვის, როგორიც რუსეთის ფედერაციასა და ჩვენს მოქალაქეებს აწყობთ”. – დაწერა მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე.

მედვედევის თქმით, რუსეთის მხარეს არის “ისტორიული სიმართლე”.

“მორალური ძალა და ისტორიული სიმართლე, როგორც ადრე, ჩვენს მხარესაა”. – დაამატა მედვედევმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მედვედევმა საკუთარი რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ გაზარდა. რამდენიმე კვირის წინ ის საფრანგეთს აფრთხილებდა, რომ “ეკონომიკური ომი ხშირად რეალურ ომში გადაიზრდება ხოლმე”.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share