დეგნანი: შედეგები დგება, როცა ქვეყანა არ უერთდება საერთაშორისო სანქციებს

აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის თქმით, საერთაშორისო სანქციების მიზანია, დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას. ქვეყანა, რომელიც არ შეუერთდება სანქციებს, საპასუხო შედეგს მიიღებს.

“საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების კონტექსტში – იქნება ეს ირანი თუ სხვა ის ქვეყნები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოსა და ამერიკის ინტერესის წინააღმდეგ. იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც სწამთ თავისუფლების, სტაბილურობის, უსაფრთხოების. საქართველო უერთდება ბევრ საერთაშორისო სანქციას, რომელთაგან დიდი ნაწილი არ დააზარალებს საქართველოს. და რა თქმა უნდა, თუ არ შეუერთდება ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს, ამის შედეგები დადგება”. – თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია და “არავინ არ სთხოვს საქართველოს მთავრობას დააწესოს ორმხრივი სანქციები”.

“დღეს ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენ ვაჩვენებთ ერთიანობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ხოცავს ათასობით უკრაინის მოქალაქესა და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს. სანქციების მიზანია შეცვალოს რუსეთის მოქმედება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავინ არ სთხოვს საქართველოს მთავრობას დააწესოს ორმხრივი სანქციები. თუ მათ ეს არ სურთ, გადაწყვეტენ რომ ეს საჭირო არაა, ეს მათი გადასაწყვეტია. რასაც მოველით ყველა ქვეყნიდან, ჩემი ქვეყნიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან არის ის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ წასასვლელად საერთაშორისო სანქციებისთვის კოორდინირება”. – აღნიშნა დეგნანმა.

9 მარტს პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ სანქციათა ეფექტურობისთვის ამერიკის ყველა ელჩს აქვს ინსტრუქცია, რომ მასპინძელი სახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ამერიკის სანქციათა პაკეტს შეუერთდეს. ამის შესახებ ვიქტორია ნულანდიმ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხის განხილვისას ისაუბრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share