“ესებუას დაკავება ჩემზე ძალიან არავის უნდა… შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება – ვერ, ოპერატიულად ვმუშაობთ” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ზუგდიდში ბანკის ფილიალის დაყაჩაღებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც ამბობს, რომ ბადრი ესებუას დასაკავებლად “ოპერატიულად მუშაობენ”.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ესებუას დაკავება მასზე მეტად “არავის უნდა”.

“ბადრი ესებუას თემა ახსენეთ ისევ. მე ბევრჯერ გამიკეთებია ეს განცხადება, ჩემზე ძალიან არავის უნდა, რომ დავიჭიროთ. გეთანხმებით, გავიდა წელიწადნახევარი და იქიდან გამომდინარე, რომ მას არ მოუკლავს არავინ, არ დაუჭრია და არაფერი, თუმცა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, გეთანხმებით სრულიად… ყველაფერს ვაკეთებთ, ოპერატიულად ვმუშაობთ ყველანაირად, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ…

პრობლემაა, მესმის, ვმუშაობთ. წელიწადნახევარი ბევრია შეიძლება, მაგრამ შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ დავიჭიროთ. ხვალვე დავიჭერ ან ერთ თვეში, ამას ვერავინ ვერ გეტყვით. მე რომ ვთქვა, რომ აი ამდენ ხანში დავიჭერთ, ვინც საქმის პროფესიონალია, დამცინებენ”, – თქვა გომელაურმა ენმ-ის წევრი, ანა წითლიძის კითხვაზე საპასუხოდ. 

მანვე სტატისტიკა მოიშველია და თქვა, რომ ათობით ადამიანი დააკავეს, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის 10, 15 და 20 წლის განმავლობაში იძებნებოდნენ.

“მე მოკლედ გეტყვით. 2013 წლის შემდეგ, ძებნილები, ათი წლის ძებნილები, რომლებმაც ვთქვათ დანაშაული წინა ხელისუფლების დროს ჩაიდინეს, მათ შორის არის პოლიციელის მკვლელი, პოლიციელის მძევლად აყვანა და წაყვანა თავის მანქანიანად, დედა-შვილის მკვლელობა, ორი ადამიანის ცოცხლად დაწვა და ასე შემდეგ, ასეთ მძიმე შემთხვევებს გეუბნებით, 72 ადამიანი დავაკავეთ ათი წლის შემდეგ. 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაკავებულია 37 ძებნილი. 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. 27-წლიანი ძებნის შემდეგ ასევე დაკავებულია, 1992 წელს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, 2019 წელს დავიჭირეთ ესეც”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share