ცნობილმა მსახიობმა და პოლიტიკოსმა, არნოლდ შვარცენეგერმა სპეციალური ვიდეო ჩაწერა, რომელშიც რუს ხალხს მიმართავს. მიმართვა მის სოციალურ ქსელებში რუსული სუბტიტრებით გავრცელდა. შვარცენეგერი რუსებს უხსნის, რომ მათ ხელისუფლება სიმართლეს უმალავს უკრაინაში ომის შესახებ. პუტინს კი მოუწოდებს ომი შეწყვიტოს:
“ამ მესიჯს ვგზავნი სხვადასხვა არხებით, რათა მივმართო ჩემს ძვირფას რუს მეგობრებს, რუს ჯარისკაცებს, ვინც ახლა უკრაინაში მსახურობს.
მოგმართავთ იმიტომ, რომ ახლა მსოფლიოში ხდება ამბები, რომლებსაც თქვენ გიმალავენ… საშინელი ამბები, რომლებიც უნდა იცოდეთ.
მაგრამ სანამ ამ საშინელ რეალობაზე მოგიყვებით, მინდა მოგიყვეთ იმ რუსის შესახებ, ვინც ჩემი გმირი იყო.1961 წელს, როცა 14 წლის ვიყავი ვენაში მსოფლიო ჩემპიონატზე წავედი მეგობართან ერთად. მაყურებლებს შორის ვიყავი, როცა იური პეტრეს ძე ვლასოვმა, მსოფლიოში პირველმა, 200 კილოგრამიანი შტანგა აწია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მეგობარმა მოახერხა ისე, რომ კულისებში შევედით. და უცებ, 14 წლის ბიჭი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცის პირისპირ აღმოვჩნდი. ვერ ვიჯერებდი. ხელი გამომიწოდა რომ ჩამოერთმია, მე ჯერ კიდევ ბავშვის ხელი მქონდა, იმას კი კაცის ძლიერი ხელი, რომელშიც ჩემი ხელი ჩაიკარგა. მაგრამ ის ძალიან კეთილი იყო. გამიღიმა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება. სახლში დავბრუნდი და მისი ფოტო ჩემს საწოლთან დავკიდე. ის მე შთამაგონებდა.
იმ დროისთვის მეც ვიყავი ამ სპორტით გატაცებული. მამაჩემი მეუბნებოდა, ფოტო კედლიდან ჩამომეღო და ვინმე გერმანელი ან ავსტრიელი გმირი მეპოვნა. ბრაზობდა. სულ ვჩხუბობდით. არ უყვარდა რუსები, მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებიდან გამომდინარე. ის ლენინგრადში დაჭრეს, სადაც ნაცისტურმა არმიამ, რომელშიც ის მსახურობდა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ამ დიდებულ ქალაქს და მის მამაც ხალხს. მაგრამ მე ფოტო არ ჩამოვხსენი, იმიტომ რომ სულერთი იყო იური რომელი დროშით გამოდიოდა შეჯიბრზე. ჩემი კავშირები რუსეთთან ამით არ დასრულებულა. ის უფრო გაღრმავდა, როცა იქ ბოდიბილდინგზე და ჩემი ფილმების გადაღებებზე დავდიოდი და ჩემს რუს ფანატებს ვხვდებოდი. ერთ ერთი ასეთი ვიზიტის დროს ისევ შევხვდი იური ვლასოვს. ეს იყო ფილმის გადაღებისას, რომელმაც პირველმა მიიღო უფლება წითელ მოედანზე გადაეღოთ. მთელი დღე ერთად გავატარეთ. ისეთი მგრძნობიარე იყო, ისეთი კეთილი. ისეთი ჭკვიანი, და რა თქმა უნდა, გულუხვი. ეს მშვენიერი ლურჯი ჭიქა მაჩუქა. და მას შემდეგ ყოველ დილით ამ ჭიქით ვსვამ ყავას. 14 წლის ასაკიდან რუსი ხალხის მიმართ პატივისცემის და სიახლოვის გარდა არაფერი მქონია. და ამიტომაც გეუბნებით ამ ყველაფერს. რუსების ძალა და გული ყოველთვის შთამაგონებდა. ამიტომაც იმედი მაქვს, ნებას მომცემთ სიმართლე გითხრათ უკრაინის ომზე და იმაზე, რაც იქ ხდება.
არავის სიამოვნებს საკუთარი მთავრობის კრიტიკის მოსმენა, მესმის. მაგრამ როგორც რუსი ხალხის ძველ მეგობარს იმედი მაქვს მოისმენთ რასაც გეტყვით. ამას იმავე გულწრფელი ზრუნვით გეუბნებით, რომლითაც ამერიკელ ხალხს ველაპარაკებოდი შარშან, 6 იანვრის არეულობის დროს, როცა ველურმა ბრბომ კაპიტოლიუმს შეუტია და ჩვენი მთავრობის დამხობა სცადა.
დგება ხოლმე ასეთი არასწორი მომენტები, და ამ დროს გაჩუმება არ შეიძლება. თქვენს მთავრობასთანაც იგივე ამბავია. ვიცი, თქვენი მთავრობა გეუბნებათ, რომ ეს ომი უკრაინის დენაციფიკაციისთვის არის. უკრაინის დენაციფიკაცია? ეს ტყუილია. უკრაინის პრეზიდენტი წარმოშობით ებრაელია, რომლის მამასაც სამი ძმა ნაცისტებმა მოუკლეს. უკრაინას ეს ომი არ დაუწყია. ნაციონალისტებს და ნაცისტებს არ დაუწყიათ. ეს ომი კრემლში ძალაუფლების მფლობელებმა დაიწყეს. ეს არ არის რუსი ხალხის ომი. მოგიყვებით სინამდვილეში ვისი ომია. გასულ კვირას გაეროს 141–მა ქვეყანამ რუსეთი აგრესორად გამოაცხადა და მოუწოდა რუსებს ჯარები სასწრაფოდ გაიყვანოს. მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 4–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი რუსეთს. ეს ფაქტია. მსოფლიომ ზურგი აქცია რუსეთს უკრაინაში მისი ქმედებების გამო. მთელი კვარტლები დანგრეულია რუსული არტილერიის და ბომბებისგან. დანგრეულია ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო. 3 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი – ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები საკუთარი ქვეყნიდან წავიდნენ. უფრო მეტი ადამიანი ცდილობს წასვლას. ეს ჰუმანიტარული კრიზისია. საკუთარი სისასტიკის გამო რუსეთი ახლა ქვეყნების თანამეგობრობისგან იზოლირებულია.
გარდა ამისა, არ გეუბნებიან სიმართლეს , რა შედეგები ექნება ამ ომს თავად რუსეთისთვის. გულდამძიმებული გეუბნებით, რომ ათასობით რუსი ჯარისკაცი მოკლულია. ისინი აღმოჩნდნენ რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც ომი დაპყრობისთვის უნდა და საკუთარი სამშობლოს დასაცავად მებრძოლ უკრაინელებს შორის. უამრავი რუსული საბრძოლო ტექნიკა განადგურებული და მიტოვებულია. რუსულმა ბომბებმა, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას მოხვდა, გამოიწვია ის ნგრევა, რამაც ასე განარისხა მსოფლიო და ძლიერი გლობალური ეკონომიკური სანქციების შემოღება გადააწყვეტინა. ისტორიაში ყველაზე მძიმე სანქციები. რუსეთის მთავრობა არა მარტო საკუთარ მოქალაქეებს, არამედ ჯარისკაცებსაც ატყუებს. ზოგ ჯარისკაცს უთხრეს, რომ ისინი ნაცისტებთან საომრად მიჰყავდათ. მოატყუეს, რომ უკრაინელი ხალხი შეხვდებოდა როგორც გმირებს. ან უბრალოდ უთხრეს, რომ სწავლებაზე მიჰყავდათ. არც კი იცოდნენ რომ ომში მიდიოდნენ. ზოგს ეუბნებოდნენ, რომ უკრაინაში რუსების დასაცავად მიჰყავდათ. ეს ყველაფერი ტყუილია. რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს თავგანწირულ წინააღმდეგობას შეეჯახნენ, ვინც საკუთარ სამშობლოს და ოჯახს იცავს. ეს ფაქტია. როცა ვხედავ, ბავშვები როგორ ამოჰყავთ ნანგრევებიდან, მგონია რომ მეორე მსოფლიო ომის საშინელებების შესახებ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ. არადა ეს არის თანამედროვე ახალი ამბები. – ამბობს შვარცენეგერი და რუს ხალხს და რუს ჯარისკაცებს მოუწოდებს გაარკვიონ, რა არის პროპაგანდა და რა სიმართლე. მოუწოდებს მათ გაავრცელონ ინფორმაცია იმ კატასტროფის შესახებ, რაც უკრაინაში ხდება.
ბოლოს შვარცენეგერი იმ რუსებსაც მიმართავს, ვინც ომის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ და ამბობს, რომ ისინი მისი ახალი გმირები არიან და ისინი არიან რუსეთის ნამდვილი გული.