ჩვენ უკრაინელებს ზედმეტი ხმაურის გარეშე ვეხმარებით და არ ვღებულობთ მონაწილეობას „ოცნების“ პიარ-აქციაში – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც მისი პარლამენტის წევრები ღებულობენ მონაწილეობას უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაში“, – ამის შესახებ CNews – ს რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, დღეს მთელმა მსოფლიომ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება და რა პოლიტიკას უჭერს მხარს ოპოზიცია და მთელი ქართველი ხალხი.

„ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც მისი პარლამენტის წევრები ღებულობენ მონაწილეობას უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაში, მაგრამ ამას ისე არ აფიშირებენ, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ნუ გვავიწყდება, რომ საქართველოს მთავრობა ჰუმანიტარული დახმარების სახით,  1 მილიონი ლარის დახმარება გაუწია უკრაინას. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე რამდენიმე მარეგულირებელი უწყების სამეთვალყურეო საბჭოს ჩინოვნიკთა ხელფასები. ყოველი მათი [ქართული ოცნების წარმომადგენლების] განცხადება არის თავის მართლება იმ კაპიტულანტური პოლიტიკის გამო. რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა. ეძებენ ნებისმიერ საბაბს, რომ დააკნინონ ოპოზიცია, მაგრამ დღეს მთელმა მსოფლიომ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება და რა პოლიტიკას უჭერს მხარს ოპოზიცია და მთელი ქართველი ხალხი. ასე, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ დარდები და განცდები, სიცრუითა და უწესო გზით ცდილობენ ჩირქი მოსცხონ სხვებს. პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ამ აქციაში მონაწილეობა არ მიგვიღია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ჰუმანიტარულ აქციებში“, – განაცხადა გოცირიძემ.

CNews- ის კითხვას, რატომ არ მიიღო მონაწილეობა პარლამენტის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გოცირიძე პასუხობს:

„ქართულ ოცნებას“ თავისი ვიწროპარტიული პიარ აქციისთვის უნდოდა ამის გამოყენება, თორემ იმდენი ფული იფლანგება პარლამენტში უაზროდ, იმდენი შტატგარეშეები ჰყავთ ყავის ამდუღებლად გაფორმებული, რომ  რეალურად, რომ ნდომოდათ პარლამენტის სახელით დახმარება უფრო ჩუმად და სოლიდურად დაეხმარებოდნენ. მათ ეს უნდოდათ საკუთარი პარტიული პიარისთვის, ჩვენ კი ვეხმარებით უკრაინელ ხალხს, მათ შორის დეპუტატები საკუთარი ხელფასებიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ ზედმეტი ხმაურის გარეშე და არ ვღებულობთ მონაწილეობას „ოცნების“ პიარაქციაში“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს 18 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ  „უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებაში „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ“.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share