“ამ ოპერაციის მიზანი ადამიანების გენოციდისგან დახსნაა” – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა “ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანების დღისადმი” მიძღვნილ კონცერტზე ისაუბრა.
მიმართვაში პუტინმა მის მიერ, უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებულ ომზე ისაუბრა და ამის საფუძვლად დონბასელი ხალხის “გათავისუფლება” და “გენოციდისგან” დახსნა დაასახელა. ამის შემდეგ კი მან ახალი აღთქმიდან ციტატა მოიყვანა:
„არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის”, და ჩვენ ვხედავთ, როგორ გმირულად იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის ფარგლებში – ეს სიტყვები ქრისტიანობის წმინდა წიგნიდანაა და ძვირფასია მათთვის, ვინც ამ რელიგიას მიჰყვება”,- თქვა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისთვის, ყირიმი 2014 წლიდანაა ანექსირებული. 8 წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია.
2014 წლის 27 მარტს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 68/262, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ჩათვლით და არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს.
რუსეთი ახლაც აგრძელებს უკანონო ქმედებებს, 24 თებერვალს მან უკრაინაში ომი დაიწყო. ამჯერად პუტინმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად დონეცკი და ლუგანსკი გამოაცხადა. უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე არაერთი ქალაქი დაიბომბა, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა დაწესებულებები. ომმა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 18 მარტის დილის მდგომარეობით უკრაინაში მინიმუმ 109 ბავშვი დაიუღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. მილიონობით ლტოლვილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.