პირველი მსხვერპლი საქართველოს სახელით – გია ბერიაშვილი და დავით რატიანი – ორი ქართველი მებრძოლი უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. უცხოელ მოხალისეთა ლეგიონის ორი სამხედრო რუსი ოკუპანტების შეტევის მოგერიებას შეეწირა. შეტაკება მთელი ღამის განმავლობაში კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან მიმდინარეობდა.
მას შემდეგ, რაც რუსმა ქვეითებმა დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს, საოკუპაციო არმიამ მასირებული დაბომბვა დაიწყო. სამი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე სწორედ ამ დაბომბვაში მოყვნენ. ერთი ქართველი და ფრანგი მებრძოლი დაჭრილები არიან. ამ ტრაგედიამ, რომელიც მთელ ქვეყანას უნდა აერთიანებდეს, კიდევ ერთხელ გვაჩვენა რამდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან რუსეთის არ გამღიზიანებელი საქართველოს ხელისუფლების და პროდასავლური ოპოზიციის დამოკიდებულება.