რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინაში თითქმის 6,5 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა თავისი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, 3,3- მილიონმა ადამიანმა კი ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ გაეროს ანგარიშში ნათქვამია.
ჯამში ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა და ქვეყნის გარეთ ლტოლვილების საერთო რაოდენობა 9,8 მილიონს შეადგენს, რაც მოსახლეობის 23%-ია. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, რუსეთის შეჭრის შედეგად მსხვერპლმა მშვიდობიან მოსახლეობაში 2149-ს მიაღწია.
ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვები ბევრად მეტი იქნება, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება სასტიკი ბრძოლები. ამასთან, მათივე ცნობით ვითარება მარიუპოლში სულ უფრო მძიმდება.
ადგილობრივის ხელისუფლების განცხადებით აქ 2350-ზე მეტი გარდაცვლილია, თუმცა გაეროში მიიჩნევენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა ორჯერ მეტიც იყოს.