რუსეთის არმიამ ვერ განახორციელა უკრაინაში ისეთი წინსვლა, როგორიც დაგეგმილი ჰქონდა – ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რუსული ჯარის მოუმზადებლობაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინამ მოულოდნელად ეფექტური წინააღმდეგობა გაუწია აგრესორს, ჩამოშალა მისი გეგმები და შეძლო, აღეკვეთა რუსების მიერ ქვეყნის დიდი ტერიტორიის დაკავება, მათ შორის კიევის.
“ვფიქრობ, მათ [რუსეთის არმია] ვერ მიაღწიეს ისეთ პროგრესს, როგორსაც გეგმავდნენ, ვერ დაიკავეს დიდი ტერიტორია და მათ შორის, დედაქალაქი. მათ აქვთ ლოჯისტიკური პრობლემები და კიდევ ბევრი არასწორი ნაბიჯი ვნახეთ. მე ვერ ვხედავ ტაქტიკური დაზვერვის კარგად გამოყენების მტკიცებულებას, ასევე, საავიაციო შესაძლებლობების სახმელეთო მანევრებთან ინტეგრაციის მტკიცებულებას, არის რამდენიმე რამ რასაც ველოდით, რომ გვენახა, მაგრამ არ გვინახავს”, – ამბობს ოსტინი.