ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში კოვიდინფიცირებულმა ქალმა იმშობიარა

წუხელ, ოზურგეთის “მედალფას კლინიკაში, კოვიდინფიცირებულმა ქალმა იმშობიარა.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ დაუდასტურა.

“წუხელ შემოვიდა მშობიარე ახალგაზრდა ქალი, მოგეხსენებათ ჩვენ ყველა პაციენტს კოვიდტესტს ვუტარებთ, ქალბატონი აღმოჩნდა ინფიცირებული, ის მოვათავსეთ სპეციალურ იზოლირებულ სივრცეში, სპეციალურ საოპერაციოში. რაც ნიშანდობლივია, ქალს იქამდე ორი საკეისრო კვეთა ქონდა ჩატარებული , საკმაოდ მაღალი რისკის ორსული გახლდათ ამის გამო. ქონდა მსუბუქი ტკივილები.

სრული პროტოკოლის დაცვით ჩატარდა საკეისრო კვეთა, ამოვიყვანეთ 3,400 კილო მდედრობითი სქესის ნაყოფი, სრულიად ჯანმრთელი, მას ჩაუტარდა მაშინვე ვირუსზე ტესტი და უარყოფითი აღმოჩნდა, ასევე ჩაუტარდა განმეორებითი ტესტიც და ისიც უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრნობენ. ბავშვს ხვალ-ზეგ გავწერთ სახლში, ხოლო დედას შევთავაზებთ ან კოვიდ სასტუმროში გადაყვანას, ან თუ ბინაზე აქვს იზოლირებულად ყოფნის საშუალება, მაშინ გაეწერება შინ”- გვითხრა კლინიკის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ოზურგეთის “მედალფას” კლინიკამ, სულ რამდენიმე დღეა რაც კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება და მკურნალობა დაიწყო. კლინიკას აქვს  იზოლირებული შესასვლელი, ყველა კოვიდპროტოკოლის წესის დაცვით და კვალიფიციური ექიმების მეშვეობით ხდება პაციენტების მკურნალობა. კლინიკაში სულ 14 კოვიდსაწოლია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share