ოკუპანტები მცდელობის მიუხედავად, დედაქალაქ კიევთან მიახლოებასა და პოზიციების შენარჩუნებას ისევ ვერ ახერხებენ – თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის დამცველებმა ოკუპანტები დედაქალაქიდან 70 კილომეტრით უკან დაახევინეს.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის შემოგარენში 15-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. ეს ის წერტილებია, რომელიც ოკუპანტებმა შეტაკებებისას გადაწვეს, მათ შორის, ადგილები, სადაც დიზელის მარაგები ინახებოდა.
ამასთანავე, ბოლო რამდენიმე საათში ახალი კადრები გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც სოფელ ზვიჟოვკაში, რომელიც დედაქალაქიდან 35 კმ-ით არის დაშორებული, სავარაუდოდ, ოკუპანტების ახალი კოლონა მიემართება.
ნიკოლაევკაში, სადაც ოკუპანტებმა სამხედრო დანაყოფზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ყაზარმებში მყოფი 45 ადამიანი გარდაიცვალა.
რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს ხარკოვის შემოგარენზე, მთავარი სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები იყო. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულებზე.
დონეცკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში საჰაერო დაბომბვების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 მძიმედ დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, ამავე ქალაქში უკრაინამ ოკუპანტების დანაყოფი გაანადგურა, რომელიც 20 ადამიანისგან შედგებოდა.