მარნეულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი შეღებეს და კედელზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს – ეს სავარაუდოდ ალტ-ინფოს მარნეულის ოფისის წევრებმა ჩაიდინეს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ დააანონსეს, რომ პარტიის ოფისს დაარბევდნენ.
მათი გაღიზიანება სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მიერ მარნეულში ალტ-ინფოს ოფისზე გაკეთებულმა უკრაინის მხარდამჭერმა წარწერებმა გამოიწვია. რადიკალები სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ მუქარასა და დაშინებას კვლავ განაგრძობენ. თავად აქტივისტი კი მსგავს ქმედებებს პროვოკაციის დაწყების მცდელობებს უკავშირებს.
“ენმ-ის წევრი მე არ ვარ, საქმე იმაშია, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი საფრთხე და გეგმავენ მარნეულში პროვოკაციულ ქმედებებს. იმედი მაქვს, შსს ხედავს, რომ ისინი არიან საზოგადოებისთვის საფრთხე. ულტიმატუმებს მიგზავნიან და პასუხებს მთხოვენ”, – ამბობს ბაირამოვა.
ენმ-ის წევრებისთვის გაუგებარია, რატომ ასოცირდება სამირა ბაირამოვა მათთან.
“სამი დღის უკან აქ იყვნენ უცნობი ხალხი მოსული 70-მდე კაცი, რომლებიც გვემუქრებოდნენ ოფისის დარბევით. პოლიციას შევატყობინე. მოვიდა, ნახეს და წავიდნენ, მეტი ღონისძიება არ მიუღიათ. ჩვენი არც პარტიის წევრია, აქც აქტივისტია, ჩვენთან ოფისშიც კი არ ყოფილა სამირა”, – ამბობს ენმ-ის წევრი, გივი ქველაძე.
ცნობისთვის, სამართალდამცველები ენმ-ის ოფისთან ამ დრომდე არ მისულან.