”დროა, დავიწყოთ ზრუნვა, მათ, მოუსვლელში გასასტუმრებლად” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნუგზარ სულაშვილი წერს. მისი განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს ექნება შანსი, ცივილიზებული სამყაროს წევრი გახდეს:
”თუ დავასრულებთ რუსულ ოცნებას, საქართველოს ექნება რეალური პერსპექტივები!
მსოფლიო ახალი გეოპოლიტიკური წესრიგისთვის ემზადება და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გახდეს ცივილიზებული სამყაროს ღირსეული პარტნიორი.
რუსეთმა, როგორც არასანდო პარტნიორმა, საკუთარი მოქმედებებით ბოლო წერტილი დაუსვა ევროპისა და აზიის ეკონომიკურ კავშირს. სწორედ ეს გახლავთ ფრთხილი და ზომიერი პოლიტიკა ჩინეთის მხრიდან მიმდინარე მოვლენებზე. დასავლეთთან ზურგშექცეული რუსეთი ვერასოდეს დაუბრუნდება იმ ნდობის ხიდს, რომელიც იმპერიული ზრახვის სურვილით დაკარგა.
ჩინეთის მზარდ ეკონომიკას, სჭირდება შეძლებული და ყიდვის უნარიანი სახელმწიფოები, არა – იზოლირებული და სიღატაკეში მყოფი რუსეთი, რომელიც სულს ღაფავს.
მოგეხსენებათ, რომ ჩინური სახმელეთო ტვირთების 90%-ი, ევროპის მიმართულებით გადიოდა – რუსეთის, ბელორუსის, პოლონეთის და გერმანია ნიდერლანდების სარკინიგზო ხაზით. უკრაინის ომმა ამ ტრანზიტს წერტილი დაუსვა. სწორედ ახლა, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ საფუძველი ეყრება აბრეშუმის გზას, რადგან როგორც ჩინეთი, ასევე ერთერთი დიდი მოთამაშე – ირანი, სანქციების გადახედვის რეჟიმშია.
ალბათ ადვილი მისახვედრია, თუ რატომ მოისურვა სასომხეთმა თურქეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა, რადგან ამ ურთიერთობების აღდგენაში არსებობს აზერბაიჯანის ფაქტორი, რომ არაფერი ვთქვათ თავად თურქეთთან არსებულ პირდაღებულ გენოციდზე. ასე რომ სასომხეთისთვის ამაზე ოცნება მხოლოდ-დამხოლოდ ჰიპოფანტაზიაა. სასომხეთმა შესანიშნავად იცის, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის ხიდი საქართველოზე გადის და მისი ინფრასტრუქტურა ამისთვის პრაქტიკულად უკვე მზადაა.
ახლა რაც გვჭირდება, ესაა საღი პოლიტიკური აზროვნება და სურვილი, რაც არსებული ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.
ამიტომ დროა, დავიწყოთ ზრუნვა, მათ, მოუსვლელში გასასტუმრებლად.” – წერს ნუგზარ სულაშვილი.