რეალურად 2003 წლის სცენარის გამეორება უნდათ- ვოლსკი ოპოზიციაზე

ოპონენტების დიდ ჯგუფს არ უნდათ პარლამენტში გამოჩენა, რადგან პრაქტიკულად, სათქმელი არაფერი აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას რეალურად 2003 წლის სცენარის გამეორება სურს.

,,რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რასაკვირველია მოლაპარაკებები და პარლამენტში გამოჩენა იმავე მიზეზით არ უნდათ… პრაქტიკულად სათქმელი არაფერი აქვთ, კომისიის შექმნაც არ უნდათ, ვინაიდან ის ეჭვები გავაქარწყლოთ, რომელიც ვითომდა მათ ან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნიათ.

რეალურად უნდათ იმ სცენარის გამეორება, რომელიც 2003 წელში იყო, მაგრამ განსხვავება იმ პერიოდსა და დღევანდელ პერიოდს შორის არის ძალიან დიდი. არ უნდათ მოლაპარაკებები, ვინაიდან იძულებულები იქნებიან უარგუმენტო პოზიციით რევოლუციაზე, დესტრუქციაზე და მავნებლობაზე ლაპარაკით შემოიფარგლონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ სტრატეგიულ გეგმას, რომ არეულობა მოაწყონ. თუკი მაშინ 2003 წელს, ამის წინაპირობა იყო მართლა სუსტი ქვეყანა, მართლაც განუკითხაობა, მათ შორის დათვლის სისტემაში, ახლაც უნდათ ისარგებლონ იმავე მიზეზით, მაგრამ საფუძვლად გამოიყენონ ის მდგომარეობა, რაც შეგვიქმნა პანდემიამ ადამიანის ჯანმრთელობის ხაზით და რასაკვირველია ეკონომიკური პრობლემების გამოყენებით, რომელიც მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს შეექმნა. ეს არის მათი ხედვა, მაგრამ ამას განხორციელება არ უწერია, ვინაიდან საზოგადოებაც კარგად ხედავს საითკენ მიდის მათი გეგმები, მოსაზრებები და რეალურად მდგომარეობა სახელმწიფოში, რა საკვირველია განსხვავდება იმ ვითარებისგან, როდესაც ესენი ახერხებდნენ ქვეყნის არევას,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share