ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა არ არის, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ეს ხელისუფლება ამ გაზაფხულზე მოუსავლეთში წავა, ამის შემდეგ უნდა შექმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა“.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული სურვილია, რომ როგორმე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშოროს.
„ჩვენ ვნახეთ გუშინდელი კვლევებით, რომ მოსახლეობით თითქმის 70% მართალია უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც მაჩვენებელია, მხარს უჭერს ხელისუფლებას და სხვა მხრივაც ვხედავთ რამდენად მტკიცეა მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, წინაპირობა არ არის. რასაც ვხედავთ, ეს გაცხადებული სურვილია – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მათ შორის, საერთაშორისო მედიებში ჩართვისას როგორ აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოცილებაა. არჩევნები არის 2024 წელს და მოემზადონ 2024 წლისთვის. მანამდე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ არეულობისთვის არის გამიზნული. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩაკეტილი წრეში, თავისი თავი და თავისი მომხრეები ჩაკეტილი ჰყავს წრეში, ვერ გამოდიან და არ აღიარებენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას – მათ საქართველოს მოსახლეობამ მიანიჭა ოპოზიციის როლი და ამ ოპოზიციის როლიდან უნდა შეეცადონ, რომ ხელისუფლების ნაწილი იყონ და არა პირიქით, რომ უარყონ ეს როლი და აბსოლუტური ძალაუფლებისკენ ისწრაფოდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „თუ ოპოზიცია აქტიური იქნება, ამ ხელისუფლებას, ამ ფორმით, მაქსიმუმ, თვე-ნახევარი დარჩა – ეს ხელისუფლება ამ გაზაფხულზე მოუსავლეთში წავა“.
მისივე თქმით, ამის შემდეგ უნდა შექმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა და შემდეგ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.