„დარგის ექსპერტები, პირველ რიგში, მსჯელობდნენ, რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მხრიდან და მეორეს მხრივ, იყოს შემოტანილი ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით უნდა აკმაყოფილებდეს“,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, განაცხადა.
ნინო ლომჯარიას თქმით, საყოველთაოდ არის შეთანხმება, რომ პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, უნდა იყოს მიღებული გამჭვირვალედ, ასევე უნდა ხდებოდეს რეგულარულად მოსახლეობის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
„რამდენიმე ვაქცინა რეგისტრაციის ბოლო ეტაპს გადის, ის ვაქცინები, რაც იწარმოება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ, ასევე არის სხვა ტიპის ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც ნაკლებია ნდობა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქვეყნის შიგნით მოქალაქეების.
დღევანდელი შეხვედრის თემა იყო, როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში ქვეყანა. არის ვაქცინები, რომელთა მიღება უფრო შორეული პერსპექტივაა, იმის გამო, რომ რაოდენობრივად არ არის ხელმისაწვდომი, ან ლოჯისტიკურად მათი საქართველოში ჩამოტანა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. მეორეს მხრივ, ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი პანდემიური ვითარება. ამიტომ, დარგის ექსპერტები, პირველ რიგში, მსჯელობდნენ, რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მხრიდან და მეორეს მხრივ, იყოს შემოტანილი ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით უნდა აკმაყოფილებდეს.
რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, ბუნებრივია, პანდემიის დროს, არაორდინალური ვითარება არის და ადამიანის უფლებების სტანდარტებიც იცვლება და ის განსხვავდება ნორმალურ ვითარებაში ქვეყანაში არსებული ვითარებისგან, თუმცა უკვე საყოველთაოდ არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული გამჭვირვალედ, ასევე უნდა ხდებოდეს რეგულარულად, მოსახლეობის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე იმ უპირატესობებისა, თუ რისკების შესახებ, რაც ცალკეული ტიპის ვაქცინას შეიძლება ახლდეს.
ასევე, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაკმაყოფილდეს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და ასევე საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინა, არა კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის სოციალური მდგომარეობა, თუ სხვა ფაქტორი არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომობაზე უარის თქმით საფუძველი. ამიტომ, სახალხო დამცველის მონაწილეობის მიზანი ამ კომისიაში არის ის, რომ პირველ რიგში, თვალი ვადევნოთ, როგორ მიმდინარეობს მსჯელობა ამ დარგის პროფესიონალების და ექსპერტების მიერ და შემდეგ ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები იყოს გათვალისწინებული ამ განხილვების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.