მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისევ მძიმედ აფასებენ სპეციალისტები. მესამე პრეზიდენტს გასტრო-ენტეროლოგიური, ნევროლოგიური და ენდოკრინოლოგიური მიმართულებით ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესებული აქვს.
ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო კონსილიუმის წევრი მედიკოსები მოითხოვენ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას საზღვარგარეთ მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მას სათანადო მკურნალობა ჩატარდება.
“ამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არ მიმდინარეობდა სწორად არც დიაგნოსტიკა და შემდგომში არც მკურნალობა, და შესაბამისად, არ მგონია, რომ საქართველოს პირობებში აწი მოხდება ადეკვატური მკურნალობა. […] სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საჭიროა მიღებულ იქნას სასწრაფო ზომები, რათა შესაბამის კლინიკაში, არა საქართველოში, მას აღმოეჩინოს დახმარება”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. მისი თქმით, იმ დროს როცა მას სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გაიყვანენ საქართველოს პოლიტიკაში ჩართვას არ გეგმავს, მიუხედავად ამისა, ამ იდეას დღემდე მხარდაჭერა არ აქვს. სპეციალისტები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვას და კიდევ ერთი კვლევის ჩატარებას – თავის ტვინის ტომოგრაფიას.