სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას უჩივლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში” უჩივლა, თუმცა ქარტია აღნიშნული საქმის არ განიხილავს.
„პრაიმტაიმი” გთავაზობთ განცხადებას, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” გაავრცელა:
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წერილით მომართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ითხოვს, ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ “შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ” პოსტთან დაკავშირებით.
ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე და აცხადებს:
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას. სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Handyside v. the United Kingdom (1976) ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. [ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის] მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი გამოიყენება არა მარტო „ინფორმაციისა” და „მოსაზრებების” მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის”.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას”,- წერია განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 84
    "ღარიბაშვილს თავისი გაჭირვებია, იცის, რომ ქუჩაში მინიმუმ შეაფურთხებენ, მაქსიმუმ წამოარტყამენ"ღარიბაშვილს თავისი გაჭირვებია, ასეთი გაჭირვებული რომ დაიბადა, დაცვის გარეშე ვერ გადის მინიმუმ შეაფურთხებენ და მაქსიმუმ წამოარტყამენ - ამბობს შალვა ნათელაშვილი, რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების უკან მხოლოდ პუტინსა და მისი დაკვეთის შემსრულებლებს ხედავს: "ამ პროცესებს სათავეში უდგას პირადად ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი. ეს მთელი პროცესები, ჯგუფები, ვითომ ვაჟკაცი ბიჭები, რომლებიც ერთხელაც…
    Tags: და, რომ, არ, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 84
    როგორ გავაქროთ მიშა - ივანიშვილის მეთოდები არჩევნებიდან არჩევნებამდეიყო დრო, როდესაც მოსყიდვაზე, მუქარასა თუ გაყალბებაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ერთ მთავარ იარაღს იყენებდა: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინებას წელს ეს მეთოდი ძველებური ინტენსივობით აღარ გამოუყენებია, მთავარი ფსონი უკვე საბოლოო გაყალბებაზე ჰქონდა დადებული. ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, კანონის ძალით, საერთოდ გააქროს პოლიტიკური სივრციდან და…
    Tags: და, რომ, არ, ან, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 83
    ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება – გახარია„მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული…
    Tags: და, რომ, რომელიც, ახალი, ამბები, პოლიტიკა