“ხელები ავწიეთ, იარაღი არ გვქონდა, მაგრამ მაინც გვესროლა” – ბუჩაში ოკუპანტმა შვილს მამა თვალწინ მოუკლა

რუსმა ოკუპანტმა 14 წლის მოზარდს მამა თვალწინ მოუკლა. ბუჩაში, 17 მარტს მომხდარის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას. 47 წლის  რუსლან ნეჩეპურენკო და მისი 14 წლის შვილი, წამლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ოკუპირებული ბუჩას ცენტრში ველოსიპედებით მიდიოდნენ, რა დროსაც ოკუპანტმა მათი მისამართით სროლა დაიწყო.

„ველოსიპედებით მივდიოდით, როცა სახლიდან რუსი ჯარისკაცი გამოვიდა, გავჩერდით, ხელები ავწიეთ, იარაღი არ გვქონდა, მაგრამ ჯარისკაცმა მამაჩემს ესროლა, დაეცა. მერე ჯარისკაცმა მე მესროლა ორი ტყვია, დამარტყა, მიწაზე დავეცი” ამბობს 14 წლის მოზარდი, რომელიც დაიჭრა და მიუხედავად იმისა, რომ თავში უმიზნებდნენ, ტყვია არ მოხვედრია. 

ოკუპანტის წასვლის შემდეგ, ბიჭი უახლოეს თავშესაფარში გაიქცა, სადაც პირველადი დახმარება გაუწიეს.

ოჯახი 2 დღე ვერ პოულობდა მოკლული კაცის ცხედარს. მას შემდეგ კი რაც ის ნახეს, აღმოჩნდა, რომ თეთრი ხელსახვევი, რასაც უკრაინელები მშვიდობიანი მოქალაქეების იდენტიფიცირების მიზნით იყენებენ, კაცს მოხსნილი ჰქონდა.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა წაიღეს მოკლულის ტელეფონი, საფულე და სახლის გასაღები.

ოჯახი ამჟამად ჩერკასის ოლქშია ევაკუირებული. დაჭრილი მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share