“ქართული ოცნების” მორიგი უარი კიევს – საქართველოს ხელისუფლება ომში მყოფ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე არ თანხმდება.
“ოცნებამ” ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის თავმჯდომარისგან ოფიციალური მოთხოვნა გუშინ მიიღო. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს დაეგზავნა უკრაინის რადას დეპუტატის, ელენა შულიაკის ის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილს დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს და ის ომში მყოფ უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების უარი დიდი სირცხვილია და აღნიშნავს, რომ ეს მათ “ძვირად დაუჯდებათ”.
“დიდი სირცხვილია, რომ ქართულმა მხარემ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადმოყვანაზე. თუმცა, ეს სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არ არის. მიმაჩნია, რომ ეს უარი საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდება. მიხეილ სააკაშვილს პირველ რიგში კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდება. ის უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში უკანონო პატიმარია. ის ერთადერთია, ვისაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს და იმავდროულად, იყო სხვა ქვეყნის პრეზიდენტი. სააკაშვილი არის ერთადერთი დედამიწაზე, რომელმაც 2008 წელს პუტინი დაამარცხა. უკრაინის პრეზიდენტს სწორედ მისი გამოცდილება სჭირდება, რომ ერთად დაამარცხონ პუტინი”, – თქვა მარია ბარაბაშმა.